ირაკლი ღარიბაშვილი - ბრიუსელში გამართულმა შეხვედრებმა დაადასტურა, რომ საქართველოს ევროსტრუქტურებისგან მტკიცე მხარდაჭერა აქვს

ირაკლი ღარიბაშვილი - ბრიუსელში გამართულმა შეხვედრებმა დაადასტურა, რომ საქართველოს ევროსტრუქტურებისგან მტკიცე მხარდაჭერა აქვს

ბრიუსელში გამართულმა შეხვედრებმა დაადასტურა, რომ საქართველოს ევროსაბჭოსგან, ევროკომიისგან, ევროკავშირისგან მტკიცე მხარდაჭერა აქვს და მათი მოლოდინია ის, რომ საქართველო რეგიონში წარმატების მაგალითი იყოს, - ამის შესახებს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. 

მთავრობის მეთაურმა ბრიუსელში ვიზიტი შეაჯამა და მას წარმატებული უწოდა. "ევროკომისიის პრეზიდენტთან, ევროსაბჭოს პრეზიდენტთან ძალიან ნაყოფიერი შეხვედრები მქონდა. ჩვენ ორმხრივი ურთიერთობების საკითხები განვიხილეთ. მთავარი თემა რიგის სამიტი და მოსალოდნელი შედეგები იყო. შეხვედრებმა დაადასტურა, რომ საქართველოს აქვს მტკიცე მხარდაჭერა. ჩვენ გვაქვს მოტივაცია და ამბიცია, რომ საქართველო მართლაც გახდეს წარმატების მაგალითი მთელი რეგიონისთვის. ჩვენი წარმატება იქნება ევროკავშირის წარმატებაც", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. 

მისივე თქმით, არის მოლოდინი, რომ რიგის სამიტზე საქართველომ პოზიტიური შეფასება მიიღოს და მიეცეს უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა.

"არ მინდა დავასწრო მოვლენებს. მხოლოდ აღვნიშნავ, რომ ამ მიმართულებით ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს. წარმატებით დავხურეთ პირველი ფაზა და მალე მეორე ფაზას დავხურავთ. დღეს ასევე მქონდა შეხვედრა ევროპარლამენტში. ვისაუბრეთ რეგიონში არსებულ ვითარებაზე, შევაფასეთ რისკები და მოვისმინე მათი შეფასებები. მინდა გითხრათ, რომ გვაქვს სრული მხარდაჭერა. ჩვენ სწორი მიმართულებით მივდივართ. მთავარია ვაჩვენოთ ჩვენი ერთობა, კონსოლიდაცია", -განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.