პოლიციელები რუსთაველზე მხეცებივით იქცეოდნენ

პოლიციელები რუსთაველზე მხეცებივით იქცეოდნენ

სანდრო გირგვლიანის მკვლელობის ექვსი წლისთავის აღნიშვნას მშვიდად არ ჩაუვლია - 7 ახალგაზრდა დააკავეს, “მორიგე მოსამართლის“ საშუალებით 400-400-ლარიანი ჯარიმები დააკისრეს და გაათავისუფლეს, მაგრამ მანამდე რუსთაველის გამზირზე ათამდე ადამიანის მიერ გამართულ საპროტესტო აქციაზე იმდენი პოლიციელი მოიყვანეს, რომ იქაურობა გაალურჯეს.

მართალია წლევანდელი პროტესტი და ხმაური არ იყო ისეთი სიმძაფრის, როგორიც წლების წინ, როცა “თანასწორობის ინსტიტუტის“ წევრები ქუჩებში მანქანებითა და მეგაფონებით დარბოდნენ, შუა რუსთაველზე, გზის სავალ ნაწილზე პროტესტის ნიშნად სხდებოდნენ და მჭადისა და ხაჭაპურის “გადატრიალებებს“ აწყობდნენ... მაგრამ, სამაგიეროდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაქცია იყო საინტერესო - რუსთაველის გამზირზე საპატრულო პოლიციის იმდენი მანქანა მოვიდა, რომ იქ მყოფებს სათვალავი აგვერია, მათ ფეხოსანი პოლიციელებიც მოჰყვნენ, ლურჯი ფორმებით, რომლებიც ჯაბა ჯიშკარიანის და მისი მეგობრების ლამის ყველა გადაადგილებაზე რეაგირებდნენ და ჯგუფ-ჯგუფად დაჰყვებოდნენ.

ჯაბა ჯიშკარიანი თავის მეგობრებთან, გნებავთ – თანამებრძოლებთან ერთად, გზის სავალ ნაწილზე მეგაფონით ხელში გადავიდა შეძახილებით - “მიეცით სიცოცხლის სიგნალი, მიეცით სიცოცხლის სიგნალი“. ტროტუარიდან ორი ნაბიჯი ჰქონდათ გადადგმული, როცა ქაშუეთის მხრიდან ამოვარდნენ ფორმიანი და უფორმო პოლიციელები, აქციის მონაწილეებს დაეტაკნენ, მაგრამ მათგან მხოლოდ ზაზა სვანაძე დააკავეს; უფრო სწორად, ძირს დაგდებულს ხელი სტაცეს და მანქანაში შეტენეს. დიდი ბოდიში, მაგრამ სხვა, უფრო შესაფერი სიტყვა ვერ მოვნახე.

რამდენიმე წუთი პოლიციელები ტროტუარის გასწვრივ გამწკრივდნენ. ჯიშკარიანმა მეგაფონით მიმართა - ზაზა სვანაძის გასათავისუფლებლად 15-წუთიან ვადას გაძლევთო. პოლიციელებმა ქაშუეთისკენ გადაინაცვლეს, მათი უმრავლესობა თვალს მიეფარა. ჯიშკარიანმა და მისმა მეგობრებმა პარლამენტის წინ, გზის სავალ ნაწილზე, კერძოდ, ღერძულა ხაზზე დაიწყეს მოძრაობა, ქაშუეთის მიმართულებით და ხელმეორედ გამოვარდნენ პოლიციელები - ჯიშკარიანს დაეტაკნენ და მანქანისკენ გააქანეს. შემდეგ, ტროტუარზე მდგომ ახალგაზრდა კაცს მივარდნენ. რას მერჩითო - ხმამაღლა იკითხა მან, მაგრამ ხელები გადაუგრიხეს და მანქანისკენ წაათრიეს.

მოგვიანებით, სასამართლოზე შევიტყვე, რომ ეს ახალგაზრდა კობა ცერცვაძე ყოფილა. ის, რაც ზემოთ მის შესახებ დავწერე, სასამართლოზე მოწმის სტატუსით ჩვენებაში ვთქვი.

არ დამინახავს, მაგრამ გავიგე, რომ ჟურნალისტი ილია ჩაჩიბაიაც დაუკავებიათ, გადაღებული ვიდეომასალა წაუშლიათ და დაახლოებით საათნახევრის შემდეგ შსს-ს ახალ შენობასთან მანქანიდან გადმოუგდიათ. სხვა დაკავებულებისთვის დათო ფაცაცია და ირაკლი ბერაიაც მიუყოლებიათ.

დავინახე მიშა მუმლაძის დაკავება ქაშუეთის უკან, ალექსანდრეს ბაღის გვერდზე - მუმლაძე თავისთვის იდგა, როცა სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილი, გვარიანად ჩასუქებული ახალგაზრდა კაცი მივარდა და მუმლაძე მანქანისკენ წაათრია. მას ფორმიანებიც წამოეშველნენ. მუმლაძეს არანაირი წინააღმდეგობა არ გაუწევია, მაგრამ ისიც ძალით ჩატენეს მანქანაში.

ილია წურწუმია სად დააკავეს, არ დამინახავს, მაგრამ სასამართლოში, რომ მივედით, ის უკვე სახდელდაკისრებული დაგვხდა - 10 წუთში, უადვოკატოდ გაუსამართლებიათ და 400-ლარიანი ჯარიმა დაუკისრებიათ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი, რომელზეც მოსამართლე კობა გოცირიძემ წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით რიგრიგობით ასამართლებდა რუსთაველის გამზირზე დაკავებულებს, ღამის პირველის ხუთ წუთზე დასრულდა - ილია წურწუმიას, ზაზა სვანაძეს, კობა ცერცვაძეს, მიშა მუმლაძეს, ირაკლი ბერაიას, დათო ფაცაციას და ჯაბა ჯიშკარიანს 400-400-ლარიანი ადმინისტრაციული სახდელი შეუფარდეს და დარბაზიდან გაათავისუფლეს.

ისე, როგორც სხვა შემთხვევებში, პროცესზე არ იყვნენ წარმოდგენილნი ისინი, ვინც ზემოხსენებული პირები დააკავა, მაგრამ იბრალებდნენ - გინდა თუ არა ჩვენ დავაკავეთო; თუმცა, როცა დაკავებულები კითხვას უბრუნებდნენ, სად, რომელ მონაკვეთში და როგორ დაგვაკავეთო, ამაზე მხოლოდ იმას ამბობდნენ, “ყველაფერი ოქმში წერიაო“.

ეს პროცესი აქამდე გამართულებისგან იმით განსხვავდებოდა, რომ ექვსივე დაკავებული ერთმა მოსამართლემ გაასამართლა, რომელსაც ჟურნალისტმა ბონდო მძინარაშვილმა მორიგე მოსამართლე დაარქვა და კიდევ, წინა პროცესებისგან განსხვავებით, თბილისის საქალაქო სასამართლოში დაკავებულების საგულშემატკივროდ თითებზე ჩამოსათვლელზე ცოტა მეტი ადამიანი იყო მოსული.

საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესს ესწრებოდნენ: კახა კუკავა, თედო კობახიძე, მერაბ ჭიქაშვილი, გიორგი ხარაბაძე, მიშა მესხი, ნანა კაკაბაძე, ლევან ჩიტაძე, ილია ჩაჩიბაია. ირაკლი კორძაია, ლაშა ჩხარტიშვილი და ადა მარშანია შენობიდან გავიდნენ და უკან აღარ შემოუშვეს. სასამართლოს შენობაში იყვნენ მანდატურები, საპატრულო პოლიციის რამდენიმე თანამშრომელი და სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილი ახალგაზრდები, რომლებსაც ხელში რაციები ეჭირათ და ამბობდნენ, რომ მანდატურები იყვნენ.

პროცესის დასრულების შემდეგ სასამართლოს შემოსასვლელთან იდგა ირაკლი სესიაშვილი, რომელიც თურმე შენობაში არ შემოუშვეს და პროცესის დასრულებას ეზოს გარეთ, მანქანაში ელოდებოდა.

დაკავებულების უფლებებს იცავდნენ: “ობიექტივის“ ადვოკატთა ჯგუფის წარმომადგენლები: ელგუჯა ჩხაიძე, ჯუმბერ მილორავა და ქეთევან ვარდანაშვილი; ადვოკატი მარიამ წერეთელი და “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ გორის ფილიალის წარმომადგენლები: მაია გრძელიშვილი, ქეთევან ბებიაშვილი და ნონა ასკილაშვილი.