რჩევა მრჩევლებს

რჩევა მრჩევლებს

ბატონებო და ქალბატონებო, ვინაიდან საყოველთაოდ გავრცელებული აზრი, რომ ბატონ ივანიშვილამდე ვერ აღწევს ბევრი სიტყვა და აზრი ხალხიდან წამოსული, რასაც ნაწილობრივ მეც ვიზიარებ, ამიტომ ვფიქრობ, ცუდი არ უნდა იყოს, ასეთი ფორმით თუ გამოვთქვამთ მოსაზრებებს. შესაძლებელია, მოგეწონოთ და ჩათვალოდ  განსახილველ საკითხად.

ზოგადად საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მინდა გავამახვილო ყურადღება. თქვენ რა მიგაჩნიათ გაუმჯობესებული საარჩევნო გარემოს ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად? მე პირადად ვფიქრობ, რომ დღეს საქართველოში გაცილებით დიდი პრობლემაა, ვიდრე მთლიანად საარჩევნო პროცესი და თუ თქვენ გგონიათ, რომ შემოდგომით უკეთესი საარჩევნო გარემო განაპირობებს საქართველოს გადარჩენას,  მე ამ საკითხში აბსოლუტურად ვერ დაგეთანხმებით და თუ რატომ, შევეცდები ავხსნა.

დარწმუნებული ვარ, რის თქმასაც ახლა ვაპირებ, ძალიან კარგად გაიგებს ბატონი ბიძინა. ყველაზე დიდი იარაღი, რითიც შეიძლება აღიჭურვოს თანამედროვე ადამიანი არის რწმენა, რწმენა აძლიერებს სულს, ხოლო სულით ძლიერი ადამიანები ხდებიან შემდგომ რჩეულნი, რომლებიც განაპირობებენ გარკვეულ მასშტაბურ გამარჯვებებს, კაცობრიობის ისტორიას კარგად ახსოვს ბევრი ასეთი  მაგალითი. რწმენა იყო დავით აღმაშენებლის ყველაზე დიდი იარაღი დიდგორის ბრძოლაში, (სამწუხაროდ, მიხეილ სააკაშვილის წიგნში „დავით აღმაშენებლი“ ძალიან ბევრი ფურცელი, როგორც ჩანს, ამოხეული იყო, რადგან ის ადგილები, სადაც დიდი დავითის სინანულია აღწერილი, განსაკუთრებით არ ახსოვს „ჩემს“ პრეზიდენტს ან არც წაუკითხავს. რატომ  ამოუხიეთ, ბოროტო ადამიანებო?!), რწმენა უნდა გახდეს თითოეული ადამიანის, ჩვენი მოქალაქის ყველაზე დიდი იარაღი, მგონი ამაში სადავო არაფერია.

მოდით ვნახოთ რა ხდება ამ მხრივ „ქართული ოცნების“ „ფრონტზე“, მახსენდება ერთი ანეკდოტი, „ერთი მაღალი კაცი იყო, რომელსაც მდინარეზე  გადაჰყავდა ხალხი და თითეულისაგან მანეთს იღებდა, ერთხელ კაცი ჩაუვარდა წყალში, ამოყვანა დაეზარა მოტრიალდა და თქვა მანეთის დედაც ვატირეო“.

განვიხილოთ ერთი კონკრეტული მაგალითი. გორის N9 საჯარო სკოლის პედაგოგის ია ბჟალავას გათავისუფლების საკითხი. დამერწმუნეთ, ჩემო მრჩევლებო, ეს არ არის ია ბჟალავას პრობლემა, რომ თქვენ ვერ დაინახეთ მასში ის ადამიანი, რომელსაც შეუძლია იბრძოლოს რწმენის გადასარჩენად. იმ რწმენისა, რომ სიმართლე ვერ „გაბეჩავდება“, ეს არ არის იმ მასწავლებლების, მშობლების და ბოლოს, იმ ბავშვების პრობლემა რომ თქვენი ყურადღების მიღმა აღმოჩნდენენ ის ადამიანები, რომლებმაც გადაწყვიტეს  ხმა ამოეღოთ სიმართლის დასაცავად, მაგრამ მათ სასტიკი წინააღმდეგობა დახვდათ წინ და ისინი ამ ბრძოლაში თითქმის მარტონი აღმოჩნდნენ, თუ არ ჩავთვლით ცალკეულ რჩეულთ მედია სივრციდან, მადლობა ღმერთს, რომ ისინი არსებობენ.

დამერწმუნეთ, თუ ჩვენ ვერ შევძელით რწმენის გადარჩენა. თუ ჩვენ ვერ დავარწმუნებთ ხალხს, რომ შეგვიძლია ვიბრძოლოთ და გავიმარჯვოთ,  ვერანაირი საარჩევნო გარემოს გაუჯობესება ვერ მოხდება. განსაკუთრებით მძიმედ აისახება ეს მომავალ თაობაზე, რომლებსაც ჩვენ ვერანაირი ბრძოლის მაგალითს ვერ ვუჩვენებთ. დავით აღმაშენებელს დიდგორამდე ბევრი პატარა ლოკალური  ბრძოლა რომ არ მოეგო (თქვენს წიგნებშიც ხომ არ არის ამოხეული ფურცლები?) რომლითაც გამარჯვების  რწმენა გაუძლიერა მებრძოლებს, „ძლევაჲ   საკჳირველი“ არ შედგებოდა. თქვენ რა გგონიათ, ერთი სკოლის ერთი მასწავლებლის მოხსნა ისიც რეგიონში, შეიძლება ბევრს ვერაფერს ცვლის, მაგრამ  მოწინააღმდეგე თვლის, რომ   ხალხში მყარად უნდა გაჯდეს შიში, მორჩილება და მითი ამ ხელისუფლების  უძლეველობის შესახებ, შეიძლება ითქვას, რომ  ხშირ შემთხვევაში, ისინი ამას აღწევენ. რაც ნათლად აისახება „პოლიქრონიონის“ მომღერალთა სახეებზე.

აქედან გამომდინარე, თუ გამოგრჩათ ეგ საკითხი, როცა  პოლიტიკურ - სტრატეგიულ გეგმებს ადგენდით, გთხოვთ, ახლა მაინც, სანამ კიდევ გვიან არ არის, იმსჯელოთ  ხალხში გამარჯვების რწმენის განმტკიცების საკითხზე. აღარაფერს ვამბობ, იმ რბილად რომ ვთქვათ, ხარვეზებზე, რომლებიც შეიმჩნევა „ქართული ოცნების“, როგორც პოლიტიკურ, ასევე საარჩევნო მარკეტინგულ საქმიანობაში.

გთხოვთ, ცუდ ტონად არ ჩამითვალოდ ჩემი ნააზრევი.

„ვაი მას, ვისთვისაც თავისუფლებისა და ერის სიყვარული მხოლოდ ნიღაბია. პირველივე განსაცდელის ჟამს ცრუ ნიღაბი აეხდება და ერთგული ფინიასავით თვალებში შეაციცინდება მტერს, შევცდი და მაპატიეო, ეტყვის.

მხოლოდ კაცი რკინის გულით , ნამდვილი მამულიშვილი, რაინდი თავისუფლებისა, აიტანს ყოველივეს და ბოლომდე დარჩება იმად, რაც ადრე იყო.

საკუთარი პრინციპების ღალატს არავისთვის და არასოდეს მოუტანია კარგი.“

(გიორგი ჭანტურია „ახალი იერემის გოდება“)