ფონიჭალის მოსახლეობა გასახლების მოლოდინშია

ფონიჭალის მოსახლეობა გასახლების მოლოდინშია

რუსთავი–თბილისის ჩქაროსნული გზის მშენებლობა წელს იგეგმება. გზა სამ პირობით სექციად დაიყო და, შესაბამისად, პროექტი სამი ქვეპროექტისგან შედგება. პირველი ქვეპროექტი გულისხმობს თბილისსა (გულუას ხიდი) და ქვემო ფონიჭალას შორის გზის მონაკვეთის გაფართოებას არსებული ორზოლიანიდან 6-ზოლიანამდე. მეორე ქვეპროექტი უშუალოდ ფონიჭალის დასახლებას ეხება – ეს ქვეპროექტი ამჟამად დამუშავების სტადიაშია და იხილება ამ მონაკვეთის სხვადასხვა ალტერნატივები, მათ შორის, როგორც არსებული გზის 4 ზოლამდე გაფართოება, ისე – სხვა, ალტერნატიული მარშრუტები. მესამე ქვეპროექტი ითვალისწინებს ფონიჭალა-რუსთავის არსებული მონაკვეთის გაგანიერებას 2-ზოლიანიდან 4-ზოლიანამდე. 

პირველი და მესამე ქვეპროექტების გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშების საჯარო განხილვა ამა წლის 1 მარტს შედგება.

ფონიჭალის მოსახლეობამ ამ პროექტის შესახებ ცოტა რამ თუ იცის. “ზოგი ამბობს, ეს გზა ფონიჭალას საერთოდ არ გაივლის და შემოვლითი ახალი გზა დაიგება. არ ვიცით, რა იქნება. მოსახლეობა ნერვიულობს. წინასწარ ხომ უნდა ვიცოდეთ, რას გვიპირებენ?! პირადად მე გავიგე, რომ ფონიჭალის გზის პირთან მოქმედი პატარა მაღაზიები გააფრთხილეს. უთხრეს, გზა ორივე - მარჯვენა და მარცხენა მხარეს 10 მეტრით უნდა გაიზარდოს და თქვენი ობიექტის აღება მოგიწევთო“ – საუბრობს ფონიჭალის მკვიდრი ნატო ხიზანიშვილი.

ამ თემაზე ხმამაღლა საუბარს ერიდებიან ფონიჭალის მაღაზიების მეპატრონეები, თუმცა პირად საუბრებში ამბობენ, რომ მათთან სასაუბროდ ნამდვილად იყვნენ მისულები. “მთელი ცხოვრება ვაშენებ და როცა ავაწყობ საქმეს, მაშინ ჩნდება პრობლემა. მე არ მაწყობს კომპენსაცია და ზუსტად არც ვიცი, რას გადამიხდიან. ეს მაღაზია ჩემთვის პატარა ბიზნესია და ოჯახს ამით ვარჩენ ” – ამბობს, ფონიჭალის ერთ-ერთი სუპერმარკეტის მეპატრონე.

ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ გზის გაფართოება მათ დასახლებაში მოქმედ სასტუმროებსაც შეეხება. საუბრისას გვაფრთხილებენ, რომ ორივე სასტუმრო მთავრობასთან დაახლოებულ პირების ეკუთვნის და შეიძლება არც არაფერი გვითხრან. ფონიჭალის ორივე სასტუმროს ვეწვიეთ. გზის პირას მდებარე სასტუმრო “Rose”-ს მენეჯერი ირმა ხუგაშვილი ამბობს, რომ ამ საკითხე არანაირი ინფორმაცია არ აქვს. იგივეს ამბობენ სასტუმრო “Skip”–ში.

ორივე ქვეპროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიშებში მოცემულია წინასწარი ინფორმაცია, ვისი ცხოვრება შეიცვლება რადიკალურად პროექტის ამოქმედების შემდეგ. პროექტის განმახროციელებელი – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი – თბილისი-ფონიჭალის ქვეპროექტის ანგარიშში განმარტავს, რომ ამ მონაკვეთზე:

“პროექტი ზეგავლენას იქონიებს, როგორც მინიმუმ, 26 ფიზიკურ და იურიდიულ პირზე. ზემოქმედება გულისხმობს 36 კერძო ნაკვეთის დაკავებას, პროექტის მიერ საერთო ფართით 33 481კვ.მ. პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეული ნაკვეთებიდან არც ერთი არ არის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების. 4 მონაკვეთის განთვისება დაკავშირებულია გარკვეული რაოდენობა ხეების მოჭრის აუცილებლობაზე (57 ხეხილის ხე). ძირითადი ზემოქმედება დაკავშირებულია მესაკუთრეების მიერ მიწის, შენობა-ნაგებობების დაკარგვასა და ბიზნეს-საქმიანობის შეფერხებასთან ან სრულ შეწყვეტასთან. ჯამში 20 შენობა-ნაგებობა იქნება დანგრეული, მათ შორის 8 მოქმედი, თუ უმოქმედო ბენზინ-გასამართი სადგური, 2 ავტოპროფილაქტიკა, 1 მაღაზია, ერთი უმოქმედო კაფე, 1 თხევადი გაზის ბალონების დამტენი საამქრო და დამხმარე ნაგებობების 4 კომპლექსი. 9 იურიდიული პირი მიიღებს ზიანს ბიზნესზე პროექტის ზემოქმედებით”.

ფონიჭალა-რუსთავის მონაკვეთის ანგარიშში (მესამე ქვეპროექტი) კი, აღნიშნულია, რომ ამ მონაკვეთზე “განსახლების სამოქმედო გეგმა ამჟამად მუშავდება და განსახლებასთან დაკავშირებით საკითხი მალე დაზუსტდება. ამ ეტაპზე შეიძლება დავასკვნათ, რომ პროექტი ზეგავლენას იქონიებს, როგორც მინიმუმ 95 ფიზიკურ და იურიდიულ პირზე. ზემოქმედება გულისხმობს 99 კერძო ნაკვეთის დაკავებას პროექტის მიერ საერთო ფართით 111556კვ.მ.

პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეული ნაკვეთებიდან არც ერთი არ არის სასოფლო-სამეურნეო დანიშნიულების. 16 ნაკვეთის განთვისება დამოკიდებულია გარკვეული რაოდენობის ხეების მოჭრასთან. ძირითადი ზემოქმედება დამოკიდებულია მესაკუთრის მიერ მიწის, შენობა-ნაგებობების დაკარგვასა და ბიზნეს-საქმიანობის შეფერხებასთან ან სრულ შეწყვეტესთან. ჯამში 29 შენობა-ნაგებობა დაინგრევა, მათ შორის 5 მოქმედი თუ უმოქმედო ბენზინგასამაღტი სადგური, 1 ავტოპროფილაქტიკა, 2 ავტომობილის ბაზრობა და 7 იურიდიული პირი მიიღებს ზიანს პროექტის ზემოქმედების გამო.

გარემოზე ზემოქმედების წინასწარი დოკუმენტის ავტორები იქვე უთითებენ, რომ ყველა დაზარალებული მიიღებს შესაბამის კომპენსაციას. “კომპენსაციისა და რეაბილიტაციის გეგმა შემუშავდება დაკარგული საშუალებების შეფასების დასრულების შემდეგ”- ვკითხულობთ იმავე თავში.

ალბათ, ეს ადამიანები კომპენსაციებს მიიღებენ. საკითხავი ისაა, რამდენად სამართლიანად განისაზღვრება კომპენსაციის ოდენობა.

ასოციაცია “მწვანე ალტერნატივას“ ანალიტიკოსი, ქეთევან გუჯარაიძე თვლის, რომ მოსახლეობის განსახლების კონკრეტული გეგმები ორივე – პირველი და მესამე სექციებისთვის (ქვეპროექტებისთვის) ამ ეტაპზეც უნდა არსებობდეს.

“მე პირადად სამი ძირითადი კითხვა მაქვს გზშ-ს შემდგენელებთან. მაინტერესებს, ჩატარდა თუ არა კვლევა, რომელიც დაასაბუთებს ასეთი გზის მშენებლობის საჭიროებას? ანგარიშების შესავალში წარმოდგენილია გარკვეული ინფორმაცია პროექტის საჭიროების დასასაბუთებლად, თუმცა მეტად ზერელედ და დამასაბუთებელი მონაცემების გარეშე. ასევე, ნებისმიერი გზშ-ს მიზანია მაქსიმალურად შეამციროს გარემოზე და მოსახლეობაზე ზემოქმედების რისკები. არცერთ დოკუმენტში საერთოდ არ არის განხილული ალტერნატივები თავად გაფართოების ფარგლებში, ანუ გზის მარჯვნივ, მარცხნივ ან ორივე მხარეს გაგანიერების ვარიანტები და ამ ვარიანტებთან დაკავშირებული ზემოქმედებები.

მე ვთვლი, რომ ამ ალტერნატივების განუხილველობა უნდა ჩაითვალოს მნიშვნელოვან ნაკლოვანებად. მესამე და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საკითხია განსახლების გეგმის პროექტის არარსებობა საჯარო განხილვისთვის. არადა დარწმუნებული ვარ, ყველაზე ცხარე დებატები დაგეგმილ საჯარო განხილვაზე სწორედ განსახლების საკითხს მოჰყვება. იმედს ვიტოვებ, რომ მუნციპალური განვითარების ფონდი აუცილებლად გამოაქვეყნებს განსახლების გეგმის პროექტს მის დამტკიცებამდე და ინდივიდუალური კონსულტაციების დაწყებამდე, მოაწყობს საჯარო განხილვებს პროექტის ზეგავლენის ქვეშ მოქცეულ მოსახლეობასთან.

ადგილობრივ მოსახლეობას შემიძლია ვურჩიო, რომ აუცილებლად დაესწრონ აღნიშნული პროექტის გარემოზე ზემოქმდების შეფასების ანგარიშების საჯარო განხილვას, რომელიც 1 მარტს 12 საათზე, თბილისში, აღმაშენებლის გამზ ¹150 -  მუნიციპალური განივითარების ფონდში შედგება”  –  საუბრობს გუჯარაიძე.

რეგიონული განვითარების ფონდმა, რომელიც აღნიშნულ პროექტს ახორციელებს უკვე დეტალურად დაითვალა რამდენი და რა სახის ტექნიკა და მასალა დასჭრდება, თუმცა რატომღაც ადგილობრივი მოსახლეობის განსახლების გეგმის მომზადებას აგვიანებს.