ბედიის ტაძარში ბაგრატ მესამის ფრესკის განადგურებამ ქართულ საზოგადოებაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. პარლამენტის სპეციალური სხდომა მიეძღვნა ამ ვანდალიზმს. თუმცა ოფიციალურ სტრუქტურებს რატომღაც დაავიწყდათ, რომ ბაგრატის ფრესკა ჯერ კიდევ წლების წინ იყო განადგურებული და ეს კადრები საკუთარი სიცოცხლის ფასად რეჟისორმა ტარიელ სოხაძემ მოიპოვა. 2005 წელს ბედიის ტაძრის სანახავად ტარიელ სოხაძე და თეა შარია აფხაზეთში შეიპარნენ, მომდევნო წელს კი ასეთივე მცდელობის დროს, ისინი აფხაზებმა ჯაშუშობისა და ტაძრების გაძარცვის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. Presage.tv-ის სტუმარია ტარიელ სოხაძე.
- 2005 წელს ბედიის ტაძარში ვიყავით, მე და თეა შარია, ასე ვთქვათ, ჩვენი შემოქმედებითი ჯგუფი და ფარულად გადავიღეთ ეს ტაძარი. იმ მომენტისთვის ტაძარი უმოქმედო იყო, მაგრამ მაშინვე აღარ არსებობდა ბაგრატ მეფის ფრესკა. 2005-ში გადაღებული მასალის მიხედვით, ბაგრატის ფრესკა, პრაქტიკულად, არ იკითხებოდა ბაგრატის ტაძარში.
თუ ფრესკა 2005 წელსაც არ დაგხვდათ, მაშინ ახლა რატომ ატყდა აჟიოტაჟი, წაშალესო?
- საერთოდ, აჟიოტაჟი აქამდე უნდა ამტყდარიყო. აქ მარტო წაშლა-მოშლაზე არაა საუბარი, არამედ მთლიანობაში, სავალალო მდგომარეობა იყო თვითონ ტაძარში. იქ გადარჩენილია ეპისკოპოსების სასახლე, რომელიც მთლიანად წყალში იდგა, ჩვენ ამაზე დოკუმენტური ფილმიც გვქონდა გაკეთებული, ეს ყველამ იცოდა. იმავე მიზნით აფხაზეთში მეორე წელსაც ვიყავით წასულები, თუმცა თეა შარიასთან ერთად, ტყვეობაში აღმოვჩნდი. მოგვიანებით გაეროს უშუალო ჩარევით გაგვათავისუფლეს. ბედიაში ქართული დროშაც კი გვაქვს გაშლილი და აფრიალებული. ბედიის შესახებ გვაქვს სრული ინფორმაცია, ყველას ჰქონდა ეს მასალა, ჩვენ არ გვივაჭრია, რომ არიქა, არავის მივცემთ ამ მასალას, გვინდოდა, მთელი ქვეყნის საკუთრება ყოფილიყო. კიდევ კარგი, რომ ეს მასალა მაინც გადაღებულია. ხვალ-ზეგ ამ ტერიტორიას აუცილებლად დავიბრუნებთ, ეს დრო დადგება, მაგრამ შევალთ და იქ ძვირფასი არაფერი დაგვხვდება. მარტო მიწა ხომ არ არის მთავარი?!
ტაძარი დაკეტილი დაგხვდათ?
- იმ მომენტში ბედიის ტაძარი დაკეტილი და უმოქმედო იყო. გასაღები ჰქონდათ აფხაზებს. ერთადერთი ტაძარი იყო, რომელიც არ მოქმედებდა, საეკლესიო ფუნქციას არ ასრულებდა. დარჩენილი ფრესკები დავაფიქსირეთ, ყველაფერი გადავიღეთ, რისი გადაღებაც იმ მომენტში შეგვეძლო, 45 წუთის განმავლობაში ვიღებდით. მას მერე რა მდგომარეობაა ბედიაში, ვერაფერს მოგახსენებთ. თუ იქ სარესტავრაციო სამუშაოები დაიწყეს და იმავე მდგომარეობაში ჩააყენეს ბედიის ტაძარი, რაც დაემართა ილორის ტაძარს, გამორიცხული არაა, იქ არანაირი ფრესკა აღარ დარჩეს მომავალში.
აფხაზეთის ტაძრებში ვანდალობა რუსეთის ხელით ხორციელდება?
- რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ რუსული იმპერიალისტური ხელისუფლებიდან მოყოლებული, რუსები კიდევ ვერ გამოვიდნენ იმ ვანდალური მსოფლმხედველობიდან და საუკუნეებიდან. თუ აქამდე ხალხის გენოციდს ეწეოდნენ, ახლა კულტურულ, ისტორიულ და რელიგიურ გენოციდს ახორციელებენ. მეფის რუსეთი რაც შემოვიდა საქართველოში, პირველი, რაც დაიწყეს, ქართული ფრესკების გადაღებვა იყო და ამას აკეთებს მართლმადიდებელი ქვეყანა.
რატომ გამორიცხავთ, იქნებ, აფხაზებმაც კი გადაფხიკეს საქართველოს გამაერთიანებლის - ბაგრატ მესამის ფრესკა?
- საქმე რაშია, აფხაზები ამ ტაძარს თავიანთად მიიჩნევდნენ.
ვინაიდან ბაგრატ მესამე, დედის ხაზით, აფხაზური წარმომავლობის იყო?
- დიახ, და საერთოდ, პირველი ერთიანი საქართველოს იდეა ბაგრატ მესამიდან წამოვიდა და ბედია მის მიერ აგებული დიდებული ტაძარია. მოგვიანებით აფხაზურმა მოსახლეობამ ხის სახურავით გადახურა ტაძარი, რადგან იქ წყალი ჩადიოდა, ჭიშკარიც გაუკეთეს, რომ საქონელი არ შესულიყო.
ფარული ექსპედიციის მოწყობა რატომ გადაწყვიტეთ? მაშინვე გქონდათ ინფორმაცია, რომ ტაძარი ნადგურდებოდა?
- ჩვენი ფარული ექსპედიციის გაკეთება გამოიწვია იმან, რომ 2004 წელს საქართველოში ასეთი ინფორმაცია გავრცელდა, თითქოს კოსმოსიდან გადაღებული ინფორმაციით, ბედიის ტაძარი აღარ იკითხებოდა. უყვართ ხოლმე ჩვენს ტელევიზიებს ასეთი ინფორმაციების გავრცელება. აქედან გამომდინარე, ჩემთან ჩამოვიდა თეა შარია, გალის რაიონის მცხოვრები. იგი უკვე იმყოფებოდა ბედიაში და აღმოაჩინა, რომ ტაძარი ისევ ისე იდგა. ამის მერე გადაწყდა, ფარულად შეგვექმნა ვიდეომასალა. მე აფხაზეთიდან არ გახლავართ, თბილისელი ვარ, ამიტომ, ფარულად, კამერით ჩემი გადასვლა პრობლემატური იყო.
თქვენი გვარი „ძე“-ზე მთავრდება, მეგრული დაბოლოება არ გაქვთ. ცნობილია, რომ მეგრულ გვარებს აფხაზები უფრო წყალობენ, ამდენად, საინტერესოა, როგორ შეაღწიეთ აფხაზეთში?
- საბუთები არ მქონდა, უბრალოდ, გადავიპარე. ჩვენ ქვედა ზონიდან გადავედით, ხიდიდან არ გადავსულვართ. სანამ რუსი გუშაგები სხვების საბუთებს ამოწმებდნენ, დრო ვიხელთე და გადავძვერი. ისეთი ლოცვა-კურთხევა მიმყვებოდა ჩვენი პატრიარქისგან, რომ შეუძლებელი იყო, ვინმეს ხელი შეეშალა. მართლაც, ბედიაში არ ავუყვანივართ. მერე შეცდომით დაიწერა, თითქოს ბედიაში დაგვაპატიმრეს. სინამდვილეში, მომდევნო წელს დაგვაკავეს. აფხაზეთში 2006 წელს წავედით, უკვე ვიცოდით, რომ გადაღებილი და გადაკეთებული იყო ილორის ტაძარი. იმთავითვე გვქონდა ინფორმაცია, რომ რუსული გუმბათის დადგმას აპირებდნენ. 2006 წელსვე გვინდოდა მოქვის ტაძრის გადაღებაც, მოქვიც ისეთივე ძველია, როგორც ბედიის ტაძარი. კიდევ გვსურდა დრანდის გადაღებაც. მერე აღმოვჩნდით სოხუმში და სოხუმიდან რომ გამოვდიოდით, მაშინ ჩავვარდით ტყვედ.
მეცნიერებისთვის დღემდე გაურკვეველია ბაგრატ მეფის საფლავის ბედიც. თქვენ ხომ არ ფლობთ ინფორმაციას, რა მდგომარეობაშია ბაგრატ მესამის საფლავი?
- 2004 წელს თვითონ ტაძარში პატარა გათხრები აწარმოეს, გადაღებულიც გვაქვს საფლავის ამოყრილი ქვები.
ე.წ. შავმა არქეოლოგებმა აწარმოეს გათხრები?
- დიახ, მოგვიანებით ყველაფერი გასწორებული და დაგებული იყო. იქ ადრე აღმოაჩინეს მონეტები და, ისტორიულად, სადაც მეფის ფრესკაა გამოსახული, იქ უნდა იყოს მეფე დაკრძალული. მაგრამ ჩვენი მეფეები ყოველთვის ღარიბულად იკრძალებოდნენ, თან საფლავში განძი არასდროს მიჰქონდათ, ამას ითვალისწინებს ჩვენი რელიგია. თანაც, ჩვენი ქვეყანა არ იყო ისე მდიდარი. ამხელა განძის საფლავში ჩაყოლებას აზრი არ ჰქონდა, რადგან მტერი ყოველთვის შემოდიოდა და შეეცდებოდა საფლავების გამოთხრას. ამიტომაც არსებობდა ხოლმე ცრუ საფლავები, რათა მეფის საძვალის კვალი მტრისთვის დაეკარგათ, რათა საძვალე ვინმეს არ წაებილწა.
გამოდის, ბედიაში ბაგრატის საფლავიც ფიქტიურია?
- არ ვიცი, ნამდვილად ვერ გეტყვით, რადგან ვერაფერი აღმოაჩინეს. 2005 წლის მერე გავიდა შვიდი წელიწადი. ასევე, შვიდი წელი შესრულდება 1-ელ მაისს, რაც ჩვენ აღდგომა დღეს ამ ტაძარში ვიყავით. სამწუხაროა, რომ მთელი ამდენი ხნის განმავლობაში, არ ვრცელდებოდა ინფორმაცია. სხვათაშორის, როცა დაუკავშირდნენ ნიკო ვაჩეიშვილს, რომელიც მაშინ გახლდათ კულტურის მინისტრის მოადგილე, ძეგლთა დაცვის კუთხით, და ჩვენი ვოიაჟის შესახებ შეეკითხნენ, უცნაური რამ უპასუხა: „ცოტა ხნის წინ აფხაზეთის კულტურის სამინისტროს დახმარებით ქართველმა სტუდენტებმა აფხაზეთში მდებარე რამდენიმე ხუროთმოძღვრების ძეგლი მოინახულეს“. სინამდვილეში, ვაჩეიშვილის ეს ნათქვამი აბსურდია, იუნესკოსაც არ უშვებდნენ აფხაზეთში, არამცთუ - ქართველებს. ვაჩეიშვილი კი განმარტავდა: „მოგზაურობას თან ახლდა გულის ამაჩუყებელი შეხვედრები აფხაზებთან. გაგიკვირდებათ, მაგრამ ბედიის ტაძარს და სხვა ძეგლებს ადგილობრივი მოსახლეობა უვლის. ეს ბუნებრივი პროცესია, რადგანაც აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებულ ხუროთმოძღვრულ-კულტურული მემკვიდრეობა ერთობლივი ქართულ-აფხაზური ფენომენია. ასე რომ, ამ ორი ერის გაყოფა და თქმა იმისა, რომ ეს მხოლოდ ჩვენი ძეგლებია და აფხაზებმა მათ ხელი არ უნდა ახლონ, არასწორია“, - ეს არის ვაჩეიშვილის სიტყვები.
საერთოდ, ქართულ-აფხაზური ფენომენი რთული საკითხია, მაშინ გამოდის, აფხაზები აფხაზეთში თურმე ჩვენამდეც ყოფილან. თუკი ვაჩეიშვილის თანახმად, ეს ძეგლები აფხაზების ყოფილა და მათ ხელიც უნდა ახლონ ამ ძეგლებს, მაშინ გამოდის, რასაც აკეთებენ, მათი საქმე ყოფილა და ჩვენ არ უნდა ვუთხრათ - ხელები შორს ჩვენი ტაძრებისგანო.
გუშინ რომ დაუკავშირდნენ ვაჩეიშვილს და ეს სიტყვები შეახსენეს, ვინ თქვაო, - დაინტერესდა. უპასუხეს, - ტარიელ სოხაძემო, მან კი მიუგო: ასეთ ადამიანს საერთოდ არ ვიცნობო. რა თქმა უნდა, ვაჩეიშვილი არ მიცნობს, რადგან არც არასდროს შემხვედრია მინისტრის მოვალეობის შესრულების პერიოდში და არც არასდროს უკითხავს, რა გავაკეთეთ და რა შევქმენით. არსებობს ტერიტორიული დროებითი კომისიის დადგენილება, მეც ვესწრებოდი მაშინ კომისიის სხდომას. კომისიის სხდომამ მიიღო დაგენილება და მიმართა კულტურის სამინისტროს, რომ ის, რაც შექმნეს ტარიელ სოხაძემ და თეა შარიამ, არის ოქროს მასალა, ოქროს ფონდი. ამიტომ კულტურის სამინისტროს სთხოვეს და დაავალეს, ფინანსური დახმარება აღმოეჩინა ფილმისთვის. თუმცა ფულის შესახებ არაფერი ვიცი, მერე რა მოხდა და როგორ მოხდა, არც ის ვიცი, მაგრამ, წესით, ამ კომისიის დადგენილება მიღებული უნდა ჰქონდეს კულტურის სამინისტროს და თავისთავად უნდა სცოდნოდა ეს ყველაფერი.
ბედიის ფრესკა როდის განადგურდა, ზუსტად არ იცით?
- ვერ გეტყვით, შესაძლოა, საომარი კონფლიქტის დროსაც. ფრესკა ფაქიზია, მით უმეტეს, ძველი ფრესკა. საომარ ტერიტორიაზე ერთი ყუმბარის აფეთქებას შეეძლო, გამოეწვია რღვევა და მერე, თავისთავად, ჩამოიშლებოდა, რადგან იქ ბევრი ფრესკაა ჩამოშლილი.
ფრესკის სპეციალურად ჩამოფხეკას გამორიცხავთ?
- აფხაზები ბაგრატ მესამეს თავიანთ მეფედ მიიჩნევენ, ამიტომ არა მგონია, ვინმეს მაინცდამაინც ეს ფრესკა ჩამოეფხიკა და, ვთქვათ, უფლის ფრესკა დაეტოვებინა, ან ქტიტორების ფრესკები. არაფერს გამოვრიცხავ, მაგრამ 2005 წლის მერე რა მოხდა, ვერაფერს გეტყვით.
2005 წლისთვის ბედიაზე ქართული წარწერები დაგხვდათ?
- კი, გაკეთებული მაქვს ფოტომასალა, ეს არის ეპისკოპოსების სასახლის შესასვლელში. პირველ სართულზე აღმოჩენილია ქართული წარწერები. ამ სასახლის ქვედა სართული წყალში იყო და მთლიანად ხავსმოკიდებული გახლდათ. თვითონვე თუ არ დაინგრა, რამდენ ხანს გაუძლებდა წვიმებს?! ბედია თავიდან ბოლომდე ქართულია. ამ ტაძარზე, და ვერც სხვა ტაძრებზე, აფხაზეთში ვერასდროს იტყვიან, რომ ეს აფხაზების მიერ შექმნილი რელიგიურ-კულტურული ძეგლებია. დღესდღეობით აფხაზები ვერაფერს უვლიან აფხაზეთში. ბედიის ტაძრის გარდა, თითქმის ყველა მოქმედ ტაძარში რუსი სამღვდელოება გაბატონდა. აფხაზსაც არ შეუშვებენ, თუ რუსმა მღვდელმა ეს ტაძარი თვითონ არ გააღო და თვითონ არ ჩაატარა ლიტურგია. ერთადერთი უმოქმედო ტაძარი, სადაც არ ტარდება წირვა-ლოცვა, ბედიის ტაძარია. პრაქტიკულად, ილორი გადაღებილია და მერე, როცა უკვე დავიბრუნებთ, რაც არ უნდა შევეცადოთ საღებავების ამოცლას, მე მგონი, იქ აღარაფერი დაგვხვდება. აბსოლუტურად რუსულ ყაიდაზეა გაკეთებული. თავის დროზე იქ რუსებს საგუშაგოებიც ჰქონდათ მოწყობილი, რათა არავის დაეფიქსირებინა ეს ყველაფერი. ის, რომ რუსული გუმბათის დადგმას აპირებდნენ, ყველამ ისედაც კარგად იცოდა.
ბედიის ტაძრის ამოქმედება აფხაზებს არ აწყობთ?
- ალბათ, ამაზეც დაიწყებენ ზრუნვას, რათა ამოქმედდეს. ბედიის ტაძრის ამოქმედება მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია. რუსმა კარგად იცის, რომ ადრე თუ გვიან ეს ტერიტორია უნდა დათმოს და დათმობს კიდეც, ამაში ეჭვი არ მეპარება, მაგრამ შეეცდება, რაც შეიძლება, მეტი ზიანი მოგვაყენოს.
თქვენ რომ აგიყვანეს, უთხარით, რომ ტაძრებს იღებდით?
- იმ მომენტში ჩვენი თქმა არ სჭირდებოდათ. ვიდეომასალაზე რაც გვქონდა დაფიქსირებული, ყველაფერი ჩამოგვართვეს, მეორე ექსპედიციიდან არაფერი წამოგვიღია. ბრალი გვედებოდა შპიონაჟში, ტაძრების გაძარცვის მცდელობასა და საზღვრის ორჯერ უკანონოდ გადაკვეთაში. მერე ისიც გაიგეს, რომ ჩვენ ვიყავით ის ხალხი, ვინც ბედიაში წინა წელს ჩავედით. ამაზე საერთოდ გაგიჟდნენ, ასე უსაბუთოდ რომ დადიხართ, ჩვენ არაფერს გვეკითხებითო?! გაოცდნენ, თბილისელმა კაცმა სოხუმამდე უსაბუთოდ როგორ ჩავაღწიე.
თქვენზე ფიზიკური ზეწოლა იყო?
- რა თქმა უნდა, ფიზიკური ზეწოლაც იყო, მერე ფსიქოლოგიურ ზეწოლაზეც გადავიდნენ. საბოლოოდ, ვერაფერს მიაღწიეს და გაგვასამართლეს. სხვათაშორის, გისოსებში რომ ვზივარ, ამის ფოტოც მაქვს, გაეროს მიერ გადაღებული. ერთი თვის მერე გამოგვიშვეს. თქვენი საშუალებით პატარა განცხადებას გავაკეთებ, მინდა მივმართო ორ ადამიანს, პირველ რიგში, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომლის ქართული ოცნებაა ხელისუფლებაში მოსვლა. კარგი იქნებოდა, დროებით ეს ოცნება გვერდზე გადაედო და მიემართა თავისი უფროსი მეგობრის - რუსეთისთვის, რომ რუსეთს შეეწყვიტა ასეთი ვანდალური აქტები და გენოციდი ოკუპირებულ ტერიტორიაზე.
აქვს მაგის ბერკეტები ბიძინა ივანიშვილს?
- როცა ამბობს, მე შემიძლია ურთიერთობა რუსეთთან... კარგი იქნებოდა, ასეთ ფაქტს გამოხმაურებოდა ირაკლი ალასანიაც. ბოლოსდაბოლოს, ადამიანი იქიდანაა, როგორი პოლიტიკური შეხედულებაც არ უნდა ჰქონდეს, ეს მისი ტკივილი უნდა იყოს.
აფხაზეთში იუნესკოს წარმომადგენლებს არ უშვებენ, ქართველ სპეციალისტებს არ შევუშვებთო. გამოსავალს რაში ხედავთ?
- როცა ვამბობთ, რომ აფხაზეთში მშვიდობიანად დაბრუნება გვსურს, პიარი არ უნდა კეთდებოდეს და აფხაზს არ უნდა დააბრალო ის, რაც არ ჩაუდენია. ამას აფხაზები აგროვებენ და ერთ მშვენიერ დღეს, სალაპარაკოდ რომ დასხდებიან, დაგვილაგებენ. რუსეთთან ასეთი მოლაპარაკებები გამორიცხულია, სანამ რუსი არ ჩამოსცილდება ამ საკითხს. მესმის, ქართველებს აფხაზეთში არ უშვებენ, არც _იუნესკოს უშვებენ. თუმცა არიან ადამიანები, რომლებიც მეგობრობენ აფხაზებთან და ურთიერთობა აქვთ. პოლიტიკა რომ გვერდზე გადაგვედო, სახალხო დიპლომატიით შეგვეძლო მათთან ურთიერთობის დამყარება. მინდოდა, საამისოდ რაღაც გამეკეთებინა, მაგრამ სამწუხაროდ, არავის აინტერესებს. არ არის სავალდებულო, იყოს ნაცმოძრაობის წევრი, არამედ იყვნენ იგივე ისტორიკოსები_ჯაბა სამუშია, ბუბა კუდავა, გიორგი ოთხმეზური, რომლებიც ბედიის ტაძრით, ამ ეპოქის შესწავლით იყვნენ დაკავებულნი. ეს აპოლიტიკური ჯგუფი იმუშავებდა, რომ შეეღწიათ აფხაზეთში. ფილმი „ბედიის ტაძარი“ რომ გავაკეთეთ, მაშინ აფხაზეთის მიტროპოლიტი გახლდათ მეუფე დანიელი, საჩხერეში ვიმყოფებოდით საეკლესიო დღესასწაულზე, ლტოლვილებს ვაჩვენეთ ეს ფილმი. მაშინ მეუფე დანიელმა ასე მიმართა ლტოლვილებს, თუ ჩვენ გვინდა აფხაზეთში დაბრუნება, პირველ რიგში, მიტევება და პატიება უნდა ვისწავლოთო. თუ როგორი უნდა იყოს მშვიდობიანი გზით დაბრუნება, ამ ფილმშია ასახულიო. მართლაც, ეს ფილმი შევქმენით აპოლიტიკურად, ხელი არავისთვის დაგვიდია. ხომ შეგვეძლო, აგვეტეხა აჟოტაჟი, როგორც ხდება ხოლმე საქართველოში, აი, გაანადგურეს... მერე რა მოხდება, იცით, ერთ მშვენიერ დღეს გაბრაზდება და მართლაც გაანადგურებს, მაინც მაბრალებენო. ჯაბა სამუშიას ჩვენს შესახებ ასეთ სიტყვები აქვს დაწერილი, თეა შარიას და ტარიელ სოხაძის ტყვეობა და ექსპედიციაში ყოფნა ზუსტად იმ უყურადღებობის ბრალია, რაც მაშინ სახელმწიფომ გამოიჩინა. ძალიან კარგად არიან აფხაზები ინფორმირებულნი, თუ რა ხდება საქართველოში, ინტერნეტიც აქვთ, ქართულ არხებსაც უყურებენ, ქართულ პრესას კითხულობენ. ტყვეობაში რომ ვიყავით, მაშინ ბაღაფშის პრესცენტრის უფროსი მოვიდა ჩემს სანახავად; მესაუბრა, გვარი რომ მკითხა, და გაიგო სოხაძე ვიყავი, უი, ირმა სოხაძე კიდევ მღერისო? ამ ადამიანებს ახსოვთ ყველაფერი კარგი ქართული. იცით, აფხაზეთში ვის არ უნდა ქართველების დაბრუნება? ვისაც სისხლის სამართლის დანაშაული აქვს ჩადენილი. დანარჩენ აფხაზებს მშვენივრად ესმით, რა მდგომარეობაში არიან ჩავარდნილნი.
დასაშვები რომ გახდეს ექსპედიცია, კიდევ წახვიდოდით ბედიის ტაძარში?
- ალბათ, ამ საქმეში აღარავინ ჩამრთავს. საქართველოში პირველობა ყველას უნდა, მთელი ტრაგედია ამაშია. ამის გამოხმაურება, დაფასება არაფერი უღირდა სამინისტროს, ხელისუფლებას. ნაცვლად იმისა, იმავე უზენაეს საბჭოს, ამაზე ხმა ამოეღო, მაშინდელი აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი იყო სალომე კაპანაძე, აბსოლუტური იგნორირება გააკეთა ყველაფერზე და ფილმის პრემიერის დროს პირდაპირ დავადანაშაულე მისი მოღვაწეობა. ბოლოსდაბოლოს, თბილისელი კაცი წავედი ამ საქმის გასაკეთებლად. ადგილობრივ ხალხი გადადის აფხაზეთში, იქ ჰყავთ ახლობლები, არასდროს ვინმე არ დაინტერესებულა, მივიდე ეკლესიაში და ჩუმად მაინც გადავიღოო, რადგან იცოდნენ, რომ სახიფათო, სარისკო იყო. ოფიციალურად როცა გადადიხარ აფხაზეთში (რაც ჩვენს ფულზე 30 ლარი ღირს), ეს ნიშნავს, რომ ასეთი ოფიციალური გადასვლით ჩვენ ვაღიარებთ იმ ტერიტორიას. მახსოვს გადაცემა „დროებაში“ სიუჟეტი მიეძღვნა ინგლისელ ახალგაზრდას, რომელიც ინგლისიდან ჩავიდა აფხაზეთში და სოხუმში რაღაცები კამერით გადაიღო. კარგად მიიღეს, მერე უთქვამს, დედის ხაზით წარმოშობით ქართველი ვარ და საქართველოშიც უნდა გადავიდეო, დროშაც აჩუქეს და გამოუშვეს ჩვენთან. ამას მიეძღვნა მთელი სიუჟეტი, მაშინ, როცა ჩვენზე ერთი სიტყვაც არ თქმულა. ის ხომ ოფიციალურად ჩავიდა ინგლისიდან, ფაქტობრივად, ეს ხომ აფხაზეთის აღიარების ტოლფასია. აფხაზებმა ყველაფერი იციან, თქვენს საიტსაც ეცნობიან, ამაში ეჭვი არ შეგეპაროთ, და ტყუილსა და მართალსაც კარგად არჩევენ. ამიტომ რაშიც დარწმუნებული არ ხარ, პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, ბრალდების წაყენება ხშირად სავალალო შედეგს იძლევა.