ყველაზე პრობლემატური

ყველაზე პრობლემატური


მსოფლიო ეკონომიკაში ჩვენი როლი მოკრძალებულია და ამ მხრივ, რაღაც განსაკუთრებული ძვრების მოლოდინში არც უნდა ვიყოთ. სამაგიეროდ, კულტურაა ის სფერო, რომელშიც ჩვენი შესაძლებლობა დიდი და ხალხმრავალი ქვეყნების პოტენციალს არ ჩამოუვარდება. ამავე დროს, კულტურისა და კულტურულ ურთიერთობაში იკვეთება ერთიმეორის გამომრიცხველი ტენდენციები. მართალია, კულტურული კავშირების გაფართოება უფრო მრავალფეროვანს ხდის ჩვენს სულიერ ცხოვრებას, მაგრამ იგი ჩვენი ეროვნული ტრადიციების შერყევის ხარჯზე არ უნდა მოხდეს. უცხოური წარმოშობის კულტურული ფასეულობები ყოველთვის ვერ აკმაყოფილებს ჩვენს ეროვნულ გემოვნებას. არადა, შერჩევის გარეშე ვიღებთ ყველაფერს, რაც უცხოური წარმოშობისაა და ამ დროს, საკუთარი შედევრები ყურადღების მიღმა გვრჩება.

არაერთხელ მომისმენია ქართული სიმღერები იაპონელების და ამერიკელების შესრულებით და სიამაყესთან ერთად გამჩენია წუხილის გრძნობაც იმის გამო, რომ ჩვენს მუსიკალურ ხელოვნებას უცხოეთში თითქმის მეტი დამფასებელი ჰყავს, ვიდრე – საქართველოში. ჩვენი უმდიდრესი მუსიკალური მემკვიდრეობის გადასარჩენად ბატონი ანზორ ერქომაიშვილისა და კიდევ რამდენიმე მოღვაწის თავდადება საკმარისი არ არის. კულტურულ ფასეულობათა დაცვას და განვითარებას ვერ შეძლებს ის ერი, რომელსაც მწვავე დემოგრაფიული პრობლემა აქვს – როდესაც მსოფლიოს მოსახლეობა დიდი სისწრაფით იზრდება, ეს მაჩვენებელი ჩვენთან უკუპროპორციულია. დასამალი არ არის, რომ საქართველოს მოსახლეობა უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში 1, 5 მილიონი კაცით შემცირდა. ქართველები იმ ხალხების რიცხვს მიეკუთვნებიან, რომლებიც ყველაზე ცუდად მრავლდებიან. ყველაზე უარესი ის არის, რომ ჩვენს მრავალეროვან ქვეყანაში მოსახლეობა, ძირითადად, ქართველების ხარჯზე შემცირდა.

მოსახლეობის რეპროდუქციას აფერხებს 35-40 წელს გადაცილებულ შინაბერათა სიმრავლე – მძიმე ეკონომიური მდგომარეობის გამო, ახალგაზრდები თავს არიდებენ ოჯახის შექმნას. როგორც ჩანს, მემკვიდრეობისა და ქვეყნის მომავლისთვის პირადი მსხვერპლის გაღებას გადავეჩვიეთ. პირადი მსხვერპლის გაღებას ვერ ვბედავთ სამართლიანობის დასაცავადაც. თუ ასე გაგრძელდა, ჩვენს ქვეყანაში მოსახლეობის ქართული ნაწილი, სულ მალე უმცირესობაში აღმოჩნდება. ბუნებრივი პირობებით გამორჩეულ ჩვენს ქვეყანას დაუსახლებელს არავინ დატოვებს, მაგრამ ეს უკვე აღარ იქნება საქართველო. გასათვალისწინებელია ისიც, რომ უცხო გარემოში მოხვედრილი ქართველი ადვილად ემორჩილება ასიმილაციას და მშობლიური ერის ყველა ნიშან-თვისებას კარგავს. საუკუნეც არ გასულა მას შემდეგ, რაც მენშევიკური ემიგრაცია საფრანგეთში დამკვიდრდა და დღეს ამ დიასპორის უკანასკნელ თაობას აღარაფერი შემორჩა, ქართული გვარის გარდა.

ადამიანთა დიდი ჯგუფების გადასახლება სხვა ქვეყანაში დღეს ჩვეულებრივი მოვლენაა. 5 მილიონი თურქი ამჟამად გერმანიის მოქალაქეა, მაგრამ 80-მილიონიან ქვეყანას ეს საფრთხეს ვერ შეუქმნის. ჩვენი ქვეყნისთვის შედარებით მცირე, მაგრამ რაოდენობრივად სწრაფად მზარდი ჯგუფის შემოსვლაც კი დამღუპველი იქნება.

გლობალიზაცია პატარა ერებისთვის დიდ საშიშროებას შეიცავს, მაგრამ არა მარტო ჩვენთვის, კაცობრიობისთვისაც არის საჭირო ჩვენი გადარჩენა. ჩვენ არ ვართ ტაიგაში გადაკარგული ერი ან ამაზონის ჯუნგლებში მოხეტიალე ტომები – რელიეფურად გამოკვეთილი წინააღმდეგობრივი ბუნების მიუხედავად, ჩვენმა ქვეყანამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საკაცობრიო კულტურაში და მას გენეტიკურად მოდგამს იმის ჯიში, რომ კვლავ დარჩეს ღირსეულ მოთამაშედ.

ჩვენს ბუნებაში ეშმაკებიც სახლობენ და ანგელოზებიც. მათი თანაარსებობა და ერთიანობა ქმნის ქართველი კაცის ფენომენს და ერის ფიზიონომიას. ალბათ, ამ გარემოებას ითვალისწინებდა ერთი გამორჩეული მეცნიერი, როდესაც ქართველ ხალხს უჭკუობაში დადო ბრალი. ჩვენ ქება-დიდება უფრო გვიყვარს მაშინაც კი, როცა იგი აშკარად ყალბია და ამ შეფასებას სიხარულით როგორ შევხვდებოდი, მაგრამ ჭეშმარიტება ჩემთვის რადგან ემოციებზე ფასეულია, არ მიცდია თავის მართლება და უყოყმანოდ დავდექი ამ მეცნიერის მხარეზე. როდესაც ერთნაირ შეცდომას 10-ჯერ და 20-ჯერ დაუშვებ, ნამდვილად ვერ ჩაითვლები დიდი ჭკუის პატრონად.

ხელისუფლებამ კარგად იცის, რომ ყველა კრიზისის გასაღები სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაში უნდა ვეძიოთ. იგი კიდეც შეეცდება ამ მიზნით, მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი გამოიყენოს და არ დაუშვას ოპოზიციის გავლენის გაძლიერება. ასე რომ, მომავალი წელი საინტერესო და სასიკეთო ძვრებს გვპირდება ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში.

ამ ორი ათეული წლის წინათ გაზეთში ვწერდი:

"მოვინანიებთ, თუკი ვინმე მართლა გვარცხვენდა...

ადამის მოდგმა, მგონია, მაინც ვალშია ჩვენთან,

და, თუმცა რისხვად ველოდებით ბედის განაჩენს,

ქართული მიწა, ქართველი ჯიში, ქართული სისხლი უნდა გადარჩეს!

ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც ერთი ქართული ჯიში და ამ ჯიშის ერთი სისხლი აქვთ, ქართული მიწა კი ერთსაც და მეორესაც ეყოფა.