კონფლიქტების ტრანსფორმირებისა და სამშვიდობო პოლიტიკის მიმართულებით სტრატეგიული დოკუმენტი უნდა ჩამოყალიბდეს

კონფლიქტების ტრანსფორმირებისა და სამშვიდობო პოლიტიკის მიმართულებით სტრატეგიული დოკუმენტი უნდა ჩამოყალიბდეს

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის გია ვოლსკის განცხადებით, საქართველოში არსებული კონფლიქტების ტრანსფორმირებისა და სამშვიდობო პოლიტიკის განვითარების მიმართულებით უნდა ჩამოყალიბდეს სტრატეგიული დოკუმენტი, რომლითაც მთავრობა იხელმძღვანელებს.

აღნიშნული განცხადება გია ვოლსკიმ სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" გააკეთა, სადაც პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის გაერთიანებული სხდომა მიმდინარეობს. სხდომის მთავარ საკითხს კონფლიქტების მშვიდობიან ტრანსფორმირება-მოგვარებაში არასამთავრობოთა საექსპერტო შეფასებები წარმოადგენს, ამიტომ დღევანდელ შეხვედრაზე მოწვეულია არასამთავრობო ორგანიზაციების ფართო სპექტრი.

გია ვოლსკის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციებს კონფლიქტებთან დაკავშირებით საკმაოდ კარგი გამოცდილება დაუგროვდათ, რადგან ისინი აქტიურად არიან ჩართული ცალკეულ პროგრამებში. ასევე აქტიური კონტაქტები აქვთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებთან.

დღევანდელ შეხვედრაში პარლამენტის წევრების გარდა მონაწილეობენ სახელმწიფო მინისტრის მოადგილე შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა, აფხაზეთის მთავრობის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია. ასევე შეხვედრაზე მოწვეულია ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დიმიტრი სანაკოევი.

რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციებს "ქორთიარდ მარიოტში" მიმდინარე ღონისძიებაზე 60-მდე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელია მიწვეული.