საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი დავით კერესელიძე უწყებაში უკრაინის ელჩის მიწვევაში გასაკვირს ვერაფერს ხედავს.
როგორც დავით კერესელიძემ დღეს გამართულ ორშაბათის ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ამისგან აჟიოტაჟი არ უნდა შეიქმნას, გამომდინარე იქიდან, რომ ელჩის საგარეო უწყებაში მოწვევა ზოგადად პირველად არ ხდება.
"კიდევ ერთხელ საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელით ვაცხადებ, რომ უკრაინა არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი. ეს არის უმნიშვნელოვანესი ქვეყანა, რომელთანაც ჩვენ გვაქვს და აუცილებლად გვექნება მეგობრული ურთიერთობა. დღეს უკრაინაში შექმნილი ვითარება არის რთული, უკრაინა არის ძალიან რთულ მდგომარეობაში, ამიტომ მის გვერდით ყოფნა და თანადგომა არის უპირველესი", - განაცხადა დავით კერესელიძემ.
მისივე თქმით, რაც არ უნდა მოხდეს პარტნიორობას და კეთილმეზობლობას უკრაინასთან ხელს არაფერი შეუშლის, მათ შორის, არც ბოლოდროინდელი დანიშვნა. როგორც კერესელიძემ აღნიშნა, ერთგვარად გასაკვირი იყო მიხეილ სააკაშვილის უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლად დანიშვნა.
რაც შეეხება ელჩის დაბარებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას, კერესელიძე ამბობს, რომ ამას დაბარებას არ დაარქმევდა. უბრალოდ ელჩი მოიწვიეს, იმიტომ რომ ელჩი არის სახელმწიფოს წარმომადგენელი სხვა ქვეყანაში და ასეთი ურთიერთობა ხშირად არის, როდესაც ბევრ საკითხზე სასაუბროდ ხდება ელჩის მოწვევა.
როგორც კერესელიძემ აღნიშნა, სხვა საკითხებთან ერთად, რა თქმა უნდა, იქნება საუბარი უკრაინაში ბოლოდროინდელ დანიშვნაზე, თუმცა კონკრეტულად რა კითხვები ექნებათ ელჩთან მიმართებაში ამას ის ვერ დააზუსტებს.