ბიძინა ივანიშვილი - ზოგი პოლიტიკოსი სულ სხვა აქცენტებს აკეთებს, იმის ნაცვლად, რომ პროკურატურის საქმიანობაში პოზიტივი დაინახოს

ბიძინა ივანიშვილი - ზოგი პოლიტიკოსი სულ სხვა აქცენტებს აკეთებს, იმის ნაცვლად, რომ პროკურატურის საქმიანობაში პოზიტივი დაინახოს

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, იური ვაზაგაშვილის საქმეში პროკურატურის ოპერატიულობა მისასალმებელია. ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. 

მისი თქმით, ეს მართლაც შემზარავი ტრაგედია იყო, ასევე, ეს იყო გამოწვევა როგორც პროკურატურის, ისე მთავრობისთვის. 

"კარგია, რომ იური ვაზაგაშვილის მკვლელობა გაიხსნა და დააკავეს სავარაუდო შემსრულებელი. რაც შეეხება დამკვეთს, დაველოდოთ გამოძიებას. იური ვაზაგაშვილთან შეხვედრა ნამდვილად მქონდა და მომდევნო დღეებში კიდევ ერთ შეხვედრას ვგეგმავდით. ძალიან განვიცდი, რაც მოხდა. იური ვაზაგაშვილი მებრძოლი კაცი და მამა იყო, მან დიდი წვლილი შეიტანა იმ ცვლილებებში, რაც საქართველოში მოხდა 2012 წელს. აქვე ვიტყვი, რომ პროკურატურის ოპერატიულობა მისასალმებელია. ამ საქმეში, რა თქმა უნდა, ყველაზე საინტერესო დამკვეთია და დაველოდოთ გამოძიებას. ზოგიერთი პოლიტიკოსი უპასუხისმგებლო განცხადებებს აკეთებს. ერთ-ერთმა ცნობილმა პოლიტიკოსმა ისიც კი განაცხადა, ნაციონალური ტრაგედიაა, რომ პოლიციელი დააკავესო. ვერც ერთ განვითარებულ ქვეყანას ვერ ნახავთ, სადაც პოლიციელს მძიმე დანაშაული არ ჰქონდეს ჩადენილი, გამონაკლისი ვერც საქართველო იქნება. თუმცა, ზოგი პოლიტიკოსი სულ სხვა აქცენტებს აკეთებს, იმის ნაცვლად, რომ პროკურატურის საქმიანობაში პოზიტივი დაინახოს", - განაცხადა ივანიშვილმა. 

მისივე თქმით, ვაზაგაშვილმა იცოდა, რა ხდებოდა პროკურატურაში, კმაყოფილი იყო ამ უწყების მუშაობით, ენდობოდა მას, გახარებული იყო, რომ მისი შვილის საქმე, ფაქტობრივად, დასრულდა და ახალი მოწმეები გაჩნდნენ უკრაინიდან. 

კითხვაზე, საზოგადოების შეშფოთება გამოიწვია იმან, რომ იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეზე დააკავეს მოქმედი პოლიციელი სოსანაშვილი. ჩნდება კითხვა: კიდევ რამდენი `სოსანაშვილი~ შეიძლება იყოს სამართალდამცავ უწყებებში? თქვენ ეს პრობლემად არ მიგაჩნიათ? ივანიშვილმა განაცხადა, რომ როგორც საზოგადოება, ისე თავადაც განიცდის ამას. 
"ამ საკითხს პროკურატურა და შსს-ც აცნობიერებენ და ყველაფერს აკეთებენ. ის, რაც გაკეთდა ბოლო ორ წელიწადში, პოზიტიურად მიმაჩნია. იყო შეცდომები და ეს მომავალშიც იქნება _ შეცდომების გარეშე მუშაობა შეუძლებელია. შემაშფოთებელია, რომ დააკავეს მოქმედი პოლიციელი და არის იმის ალბათობა, კიდევ იყვნენ დარჩენილი `ძველებურად აღზრდილი~ პოლიციელები. ვგულისხმობ `ნაციონალური მოძრაობის~ ხელწერას, რომელმაც პოლიცია დამსჯელ რაზმებად გადააქცია და თავისი მოსახლეობის წინააღმდეგ იყენებდა. ერთი რამეცაა _ არ შეიძლება, ვინც `ნაციონალური მოძრაობის~ დროს პოლიციაში მუშაობდა, ყველაზე უარი ვთქვათ. მათ შორის ბევრი პატიოსანი ადამიანია. თუმცა, ხელისუფლებამ მაქსიმალური ალღო უნდა გამოავლინოს, გამოამჟღავნოს და დაითხოვოს პოლიციიდან ის პირები, ვინც იქ არ უნდა მუშაობდნენ", - განაცხადა ივანიშვილმა. 

მისივე თქმით, საუბედუროდ, მამის მკვლელობა დაემთხვა პროკურატურის წარმატებულ მუშაობას. "როგორც ვთქვი, იური ვაზაგაშვილი კმაყოფილი იყო პროკურატურის მუშაობით და ელოდა საქმის გახსნას. ჩემთვის წარმოუდგენელია, იური ვაზაგაშვილის მკვლელობის დამკვეთის მიზნის არსი. რისი მიღწევა სურდა? ამას მხოლოდ იმით ვხსნი, რომ დამკვეთს დაავადებული ფსიქიკა აქვს", - განაცხადა ივანიშვილმა.

კითხვაზე, შეიძლება თუ არა ყოფილიყო შურისძიება, ივანიშვილმა განაცხადა, რომ "მამას შვილი მოუკლეს და კიდევ მასზე იძიეს შური?!". 

"ასეთი რამ თავში მხოლოდ ფსიქიკურად დაავადებულს მოუვა. რაც შეეხება თქვენს კითხვას, რომ ზურაბ ვაზაგაშვილის საქმეზე გამოძიება კბილაშვილის დროს დაიწყო და მას ხანგრძლივი დრო დასჭირდა, ამას ჰქონდა როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური მიზეზები. თქვენ გახსოვთ, როგორი პროკურატურა ჩაიბარა კბილაშვილმა და მან ბევრიც გააკეთა, მას შემდეგ ორი მთავარი პროკურორი გამოიცვალა და, ჩემი აზრით, დღეს პროკურატურა კვალიფიკაციითა და ხარისხით სრულიად განსხვავდება წინა პერიოდისგან და ისწრაფვის სრულყოფისკენ. ის, რომ პროკურატურას აკრიტიკებენ, ამას კარგი ანალიზი სჭირდება. ადრე პროკურატურა იმ დასკვნას წერდა, რასაც სააკაშვილი ან ადეიშვილი დაუკვეთდნენ, სასამართლო კი ნოტარიუსის ფუნქციას ასრულებდა. ასეთ მუშაობას მაღალი კვალიფიკაცია არ სჭირდება. დღეს პრინციპულად სხვა ვითარებაა, მთავრობა აღარ ძალადობს სასამართლოზე, სასამართლომაც თამასა მაღლა ასწია და პროკურატურის თანამშრომლებს მუშაობის პროცესშივე მოუწიათ კვალიფიკაციის ამაღლება. დღეს მთავარი ის არის, რომ მიდგომა შეიცვალა _ არც ერთი საქმის თაროზე შემოდება და მიფუჩეჩება არ ხდება. მტკიცებულებების მოპოვება კი მარტივი არ არის. პროკურატურა სწორ გზაზეა და ამას უნდა მიაქციოს საზოგადოებამ¬ ყურადღება და ტრაგიკული სურათების დახატვა საჭირო არ არის", - განაცხადა ივანიშვილმა. 
საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრთან ინტერვიუს სრული ვერსია "კვირის პალიტრის" დღევანდელ, 16 თებერვლის ნომერში გამოქვეყნდა.