ამ ექსპერტებს არ რცხვენიათ მაინც, რომ ამბობენ, თითქოს ივანიშვილმა თავისუფალი სიტყვის მოსაკლავად რაღაც ორგანიზაცია შექმნა?! - ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ამას დიდი ძალისხმევა სჭირდება.
ბიძინა ივანიშვილი გამოეხმაურა ასევე გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მას მიაწერეს ახლად დაფუძნებული ორგანიზაცია "დემოკრატიის ჟანგბადის" შექმნა, რომელმაც ექსპერტებს CV-ების გაგზავნა მოსთხოვა. "ეს ორგანიზაცია მე მომაწერეს და ატეხეს ამბავი, ივანიშვილი თავისუფალ სიტყვას ებრძვისო. ამ ექსპერტებს არ რცხვენიათ მაინც, რომ ამბობენ, თითქოს ივანიშვილმა თავისუფალი სიტყვის მოსაკლავად რაღაც ორგანიზაცია შექმნა?! კრიტიკა უნდა აიტანონ. დღეს მეც ბევრი მაკრიტიკებს და მე თუ ვიტან, მათ რატომ არ უნდა აიტანონ?!", - განაცხადა ივანიშვილმა.
კითხვაზე, განსაკუთრებული კრიტიკა მოჰყვა მის განცხადებას, რომლის თანახმად, ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელის შესახებ კვლევა უნდა ჩატარდეს, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მან თქვა, რომ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელთან ჰქონდათ კითხვები.
"ნახეთ, როგორი აჟიოტაჟი მოჰყვა. 52-მა არასამთავრობომ გაავრცელა განცხადება, სადაც წერენ, თითქოს მე სამოქალაქო სექტორის განადგურება მინდა და ა.შ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ _ ექსპერტს დაირქმევენ, არასამთავრობოს თუ პოლიტიკოსს, მოხდება მათი პოზიციების გადამოწმება, ხომ არ ცრუობენ, რამდენად ობიექტურები არიან და ა.შ.
თუ გაჩნდა ეჭვი, რომ ზოგიერთი არასამთავრობოს ხელმძღვანელი ცრუობს და `ნაციონალური მოძრაობის" აგიტაციაშია ჩართული, ჩვენ კითხვებს დავსვამთ. არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელს, რა თქმა უნდა, შეუძლია, თუნდაც "ნაციონალური მოძრაობის" წევრი გახდეს, მიიღოს პარტიის აგიტაციაში მონაწილეობა, მაგრამ ეს საჯაროდ თქვას. თუ რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი `ნაციონალური მოძრაობისა" და "რუსთავი 2"-ის სიცრუის ფერხულშია ჩაბმული, ჩვენ კითხვებს დავსვამთ. შემდეგ უკვე მათი ნებაა _ უნდათ გასცემენ პასუხს, უნდათ _ არა. მე სამი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელის გვარი დავასახელე და მათი ორგანიზაციების დამფინანსებლებთან ჩვენ მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის _ იქნება ეს `სიდა" თუ ამერიკის მთავრობა. თუმცა, როდესაც ჩნდება კითხვა, რომ კონკრეტული არასამთავრობოს ხელმძღვანელის პოზიცია არ ემთხვევა მისი დამფინანსებლის პოზიციას და ის ჩართულია `ნაციონალური მოძრაობის" ფერხულში, კეთილი ინებონ და გასცენ პასუხი ან არ გასცენ და მოისმინონ მაინც ეს კრიტიკა", - განაცხადა ივანიშვილმა.
კითხვაზე, თუმცა, იმ არასამთავრობოების გულშემატკივრებმა, რომლებიც თქვენ გააკრიტიკეთ, შეგახსენეს, რომ 2012 წელს, როდესაც მაშინდელი ხელისუფლება `ქართული ოცნების" აქტივისტებს ავიწროებდა, ზემოხსენებული ორგანიზაციები მათ უფლებებს კბილებით იცავდნენ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ამისთვის მადლობას იხდის.
"მადლობა ამისთვის. თუმცა, როდესაც ადრე ვინმეს კბილებით იცავდი, დღეს კი ცრუობ და ამაზე მიგანიშნებენ, ეს ტრაგიკულად არ უნდა აღიქვა. გვაქვს შეკითხვები და ამ შეკითხვებს არგუმენტირებულად დავსვამთ. მაგალითად, როდესაც "ნაციონალური მოძრაობა" ამტკიცებდა, რომ ეკონომიკა იქცევა და კრიმინალი გაიზარდა, ზოგიერთი, რომელიც, წესით, სულ სხვა საქმით უნდა ყოფილიყო დაკავებული, ამ სიცრუეს ამყარებდა. ვიმეორებ, ყველას, ვინც მე დავასახელე, აქვთ უფლება, უყვარდეთ `ნაციონალური მოძრაობა". თუმცა, ეს უნდა თქვან პირდაპირ და სასაცილოდ ნუ იხდიან თავს, როდესაც ამბობენ, თითქოს ივანიშვილი არასამთავრობოებზე ზეწოლას ახდენს. რაღაც ვთქვი გიგაურსა და კოჟორიძეზე და ეს მთელ არასამთავრობო სექტორს დაუკავშირეს, როგორ გაბედაო. გავბედე და მომავალშიც გავბედავ. იმავე კითხვებს დავსვამთ პოლიტიკოსებთან და პარტიებთან დაკავშირებით. კეთილი ინებონ და ქვეყნის ინტერესები დააყენონ წინ და თუ ამას ვერ გააკეთებენ, რა თქმა უნდა, გავაკრიტიკებთ", - განაცხადა ივანიშვილმა.
საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრთან ინტერვიუს სრული ვერსია "კვირის პალიტრის" დღევანდელ, 16 თებერვლის ნომერში გამოქვეყნდა.