მოვუწოდებ ივანიშვილს, იფიქროს მომავალზე და არ შეიძლება წარსულში ჩარჩეს, - ასე უპასუხა "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ ექსპრემიერის მიერ "კვირის პალიტრასთან" გაკეთებულ კომენტარს, სადაც ბიძინა ივანიშვილი აღნიშნავს, რომ ალასანიას გამოსვლები ძალიან ჰგავს გიგა ბოკერიასას. როგორც ივანიშვილი ამბობს, ეჭვიც კი შეეპარა, ტექსტს ბოკერია ხომ არ უწერს.
ირაკლი ალასანია მოუწოდებს ბიძინა ივანიშვილს, როგორც "დეფაქტო პრემიერი" ნუ ჩატოვებს სახელისუფლო გუნდს წარსულში და იფიქრონ მომავალზე.
"ეს არ არის ჩემთვის ახალი და უეცარი, დიდი ხანია ამას ცდილობს თავად ივანიშვილი და მის მიერ შეკვეთილი სტატიები თუ მედია საშუალებები, რომ გაავრცელონ ასეთი ჭორი თუ ინფორმაცია. ჩვენ ამას ნაკლებ ყურადღებას ვაქცევთ", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ "რუსთავი 2"-ის პირდაპირ ეთერში ჩართვისას.
ალასანიამ ივანიშვილს და უმრავლესობას "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილ წევრებთან თანამშრომლობა შეახსენა. "თავად "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად ჩამოაყალიბეს "ნაციონალური ოცნება" და ისინი თანამშრომლობენ ნაციონალების ძველ წარმომადგენლებთან. მთავარი არის ის, რომ იმ წუთიდან, როცა ჩვენ დავამარცხეთ "ნაციონალური მოძრაობა", მე და "თავისუფლამა დემოკრატებმა" დავიწყეთ ფიქრი, როგორ გაგვეუმჯობესებინა ქვეყანა და იმ მიმართულებით, როგორიცაა თავდაცვა, ევროატლანტიკური მიმართულება, მივაღწიეთ კიდეც ხელშესახებ შედეგს. მოვუწოდებ ივანიშვილს, იფიქროს მომავალზე და არ შეიძლება წარსულში ჩარჩეს ისიც და მთელი ხელისუფლება, რომელიც მასზეა აწყობილი. ის ხომ დეფაქტო პრემიერია?!", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.