ადიგენის რაიონში მცხოვრები მუსლიმები სოფელ მოხეში პოლიციის ახალი განყოფილების ხელმძღვანელად გელა კოხოძის დანიშვნას აპროტესტებენ.
მუსლიმების განცხადებით, 2012 წელს, როცა სოფელ ჭელაში მინარეთის დემონტაჟი განხორციელდა, სწორედ გელა კოხოძე, რომელიც იმჟამად ადიგენის პოლიციის უფროსის პოსტზე მუშაობდა, მუსლიმების მიმართ განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა.
"ამ ადამიანის მიმართ მუსლიმ საზოგადოებას აქვს გარკვეული კითხვები. გელა კოხოძე ჟესტიკულაციით შეურაცხყოფდა ჩვენს რელიგიას და მინარეთს, გამოირჩეოდა ქსენოფობიური დამოკიდებულებით. ჩვენ არ ვეწინააღმდეგებით პოლიცის განყოფილების შექმნას, თუმცა ხელისუფლებისგან და შს სამინისტროსგან ვითხოვთ გადასინჯონ ეს გადაწყვეტილება და კოხოძე სხვა კადრით ჩაანაცვლონ", - განაცხადა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას სოფელ ჭელას მეჩეთის წინამძღვარმა ჯამბულ აბულაძემ.
იგივე მოსაზრება აქვს სამცხე-ჯავახეთის მუსლიმთა მუფტს მამუკა ვაშაყმაძეს. თუმცა, მუსლიმების ამ პოზიციას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ადგილობრივი მართლმადიდებლები. სოფელ მოხეს ცენტრში შეკრებილმა ქრისტიანებმა განაცხადეს, რომ მათი უფლებები გაცილებით ხშირად ირღვევა.
"ამ ადამიანს, გელა კოხოძეს მთელი რაიონი კარგად იცნობს და ყველამ კარგად იცის რამდენად წესიერი ადამიანია. არანაირი რადიკალური დამოკიდებულებით არ გამოირჩევა, უბრალოდ, მუსლიმებს უნდათ, რომ სახელმწიფო ისე მოირგონ, როგორც თავად გაეხარდებათ. მუდმივად ჩივიან მათი უფლებების დარღვევაზე, თუმცა, ჩვენი უფლებები არავის ახსოვს. მოვითხოვთ, პრემიერ-მინისტრი და სახალხო დამცველი დაინტერესდნენ აქ მცხოვრები მართლმადიდებლების მდგომარეობით და ჩამოვიდნენ ადიგენის რაიონში", - განაცხადა სოფელ მოხეს მცხოვრებმა, ნათელა რეხვიაშვილმა.