„ქართული ოცნების“ წევრები კოალიციაში დაპირისპირებას უარყოფენ და აცხადებენ, რომ უმრალესობის ლიდერის დავით საგანელიძის და უმრავლესობის წევრ ზაქარია ქუცნაშვილის დაპირისპირება სერიოზული პრობლემა არ არის.
როგორც საკითხის კომენტირებისას დეპუტატი ეკა ბესელია აცხადებს, უმრავლესობის წევრებმა მსგავს თემებთან დაკავშირებით საჯაროდ არ უნდა ისაუბრონ.
„ჩვენ ერთმანეთს არ უნდა ვესაუბროთ კამერებით და საჯაროდ, ამისთვის ჩვენ შეგვიძლია ყოველდღიურ რეჟიმში დავსხდეთ და ვიმსჯელოთ, ბევრი საკითხია, რომელზეც გუნდის შიგნით ბუნებრივია, გვექნება საუბარი და ყველა ერთ აზრზე ყოველთვის არ იქნება, მაგრამ შეგვიძლია ვისაუბროთ სხვადასხვა ფორმატში შეხვედრების დროს“,-განაცხადა ბესელიამ
ამასთან, როგორც ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი აცხადებს, უმრავლესობის რამდენიმე წევრს პასუხგაუცემელი კითხვები აქვს, რაც მისი შეფასებით მოგვარებადი საკითხია.
„კითხვები არსებობს, რომელზეც მეტი კომუნიკაცია იყო საჭირო. ალბათ, ეს იმანაც განაპირობა, რომ გარკვეული პერიოდი დეპუტატები აქ არ იყვნენ. ბოლოს პოლიტსაბჭოს სხდომაც ისე ჩატარდა, რომ მე არ ვიყავი საქართველოში. ვფიქრობ, ყველაფერი მოგვარებადია“,- განაცხადა ვოლსკიმ
შეგახსენებთ, რომ დაპირისპირება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ დავით საგანელიძესა და უმრავლესობის წევრ ზაქარია ქუცნაშვილს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც ქუცნაშვილის კანდიდატურა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ უზენაესი თავმჯდომარეობის კანდიდატად დაასახელა.
ზაქარია ქუცნაშვილი და უმრავლესობის 16-მდე წევრი აცხადებს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის კრიტერიუმებთან დაკავშირებით დავით საგანელიძის მიერ პრეზიდენტთან გამართულ კონსულტაციებს ისინი არ ეთახმებიან. მათი თქმით, საგანელიძის მიერ გაჟღერებული კრიტერიუმები საპარლამენტო უმრავლესობასთან შეთანხმებული არ ყოფილა.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი 23 თებერვლამდე დასამტკიცებლად პარლამენტს უნდა წარუდგინოს.
ამ დროისთვის, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში თავმჯდომარეობის 28 კანდიდატია რეგისტრირებული.