თუ ხელისუფლების შტოები მიხვდებიან, რას წარმოადგენს დავით ასათიანი, ეს ამ ქვეყნისთვის ძალიან კარგი იქნება

თუ ხელისუფლების შტოები მიხვდებიან, რას წარმოადგენს დავით ასათიანი, ეს ამ ქვეყნისთვის ძალიან კარგი იქნება

სსიპ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ“ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე ადვოკატი დავით ასათიანი წარადგინა. ეს პირადად ასოციაციის თავმჯდომარის ზაზა ხატიაშვილის ინიციატივა იყო, რომელიც აცხადებს, რომ  დავით ასათიანის დათანხმება ძალიან გაუჭირდა.

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე „ვერსიასთან“ საუბრისას აცხადებს, რომ დავით ასათიანი ძალიან კარგი მენეჯერია და შეუძლია, სასამართლო მოწოდების სიმაღლეზე დააყენოს.

მისივე თქმით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ძალიან პრინციპული, უაღრესად განათლებული, კომუნიკაბელური და თავისი საქმის ნამდვილი პროფესიონალია, კარგად იცის, რა ხდება სასამართლო სისტემაში.

„დათო არასდროს ლაპარაკობს თავის უნარებსა და მიღწევებზე, უბრალოდ, აკეთებს თავის საქმეს. მინდა, გავიხსენო ერთი ფაქტი: სააკაშვილის რეჟიმის დროს, 2010 წლის სექტემბერში, მე და დავით ასათიანი ციურიხში ევროპის ადვოკატთა ასოციაციის პლენარულ სესიაზე წავედით. დავაყენეთ წინადადება, რომ საქართველოში ადვოკატები ზეწოლას განიცდიდნენ. შემდეგ, როდესაც თბილისში ევროპის ადვოკატთა საერთაშორისო დელეგაცია ჩამოვიდა, დაიდო სკანდალური დასკვნა, რომ ადვოკატთა კორპუსი იდევნებოდა. დათო იყო ის ადამიანი, რომელმაც, ფაქტობრივად, ადვოკატთა ასოციაციის თავჯდომარესთან ერთად, დააორგანიზა ეს ღონისძიება და უმასპინძლა ამ ხალხს, მაშინ როცა თვითონ არასდროს ჩანდა. ყოველთვის ისე აკეთებდა საქმეს რომ არ ახდენდა ამის აფიშირებას“, - აცხადებს ხატიაშვილი.

მისივე თქმით, თუ დღეს მოვა თავმჯდომარე, რომელიც მოსამართლეებს ეტყვის, რასაც პროკურატურა მოითხოვს, ის უნდა გააკეთოთო, სასამართლო სისტემა დაიღუპება. ასეთი ფაქტები რომ აღარ განმეორდეს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ისეთი მიუკერძოებელი და პრინციპული ადამინაი უნდა გახდეს, როგორც დავით ასათიანია.

“როდესაც ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე წარადგენს კანდიდატურას, აღმასრულებელი საბჭოს პირველ ნომერს, მინიმუმ საჭიროა, რომ ამ კანდიდატის ირგვლივ დისკუსია დაიწყოს და მისი დადებითი და უარყოფითი მხარეეები შეფასონ. თუ დანიშვნა პოლიტიკური ნიშნით არ მოხდება და ხელისუფლება გაიზიარებს იურიდიული პროფესიის აზრს, მაშინ დათოს მისი პიროვნული თვისებებიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე რეალურად მაღალი შანსები აქვს.

დავით ასათიანი აპოლიტიკურია. სიცოცხლეში არც ერთი პარტიის წევრი არ ყოფილა, მის გვარს ვერც ერთ სიაში ვერ აღმოაჩენთ, არც ერთი პოლიტიკური ძალის სასარგებლოდ რამე განცხადებაც კი არ გაუკეთებია. თუ პოლიტიკა არ ჩაერევა საქმეში და აპოლიტიკურ, პროფესიონალ, პრინციპულ და მიუკერძოებელ თავმჯდომარეს ისურვებენ, დარწმუნებული ვარ სსიპ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ კანდიდატს დიდი პერსპექტივა ექნება“, - აცხადებს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე.