გერმანიის მთავრობისთვის საქართველოს პრობლემები, ჩვენი საფრთხეები, რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია კარგად ნაცნობია, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა თავის გერმანელ კოლეგა ნორბერტ ლამერტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინზე გააკეთა.
დავით უსუფაშვილმა გერმანიის ბუნდესტაგის თავმჯდომარეს მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ გერმანია სხვადასხვა ორგანიზაციების მეშვეობით, საქართველოს "ფასდაუდებელ დახმარებას უწევს" დემოკრატიული ინსტიტუტების, პოლიტიკური პარტიებისა და საგანმანათლებლო-კულტურული დაწესებულებების განვითარებაში.
"გერმანიასა და საქართველოს შორის მეგობრული ურთიერთობა დიდი ხნის დაწყებულია, მაგრამ ჩვენ განსაკუთრებით მოხარული ვართ, რომ ბოლო წლებში ამ თანამშრომლობამ ახალი ელფერი შეიძინა, ახალი ენერგია შეიძინა, როგორც მთავრობის მეთაურების დონეზე, ისე პარლამენტის ხელმძღვანელებისა და პარლამენტის წარმომადგენლების დონეზე. ბუნდესტაგის თავმჯდომარის დღევანდელი ვიზიტი დელეგაციასთან ერთად, კიდევ ერთი გამოხატულებაა იმ ყურადღების, იმ ინტერესის, რაც გერმანიაში, გერმანელ ხალხში, გერმანულ პოლიტიკურ წრეებში ჩვენი ქვეყნისადმი, ჩვენი ხალხისადმი, ჩვენი რეგიონისადმი არსებობს. შეხვედრის დროს ჩვენ კიდევ ერთხელ მიმოვიხილეთ ის საჭირბოროტო საკითხები, რაც ერთნაირად გვაღელვებს ჩვენ, ქართველებს და გერმანელ ხალხს: ესაა მშვიდობა და უსაფრთხოება რეგიონში, ევროპაში, კავკასიაში და შევჯერდით იმაზე, რომ გერმანია ასრულებს ძალიან მნიშვნელოვან როლს ამ პრობლემების მოგვარებაში. გერმანიის მთავრობისთვის საქართველოს პრობლემები, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია რუსეთის მხრიდან, ჩვენი საფრთხეები ამ პროცესში არის კარგად ნაცნობი და გათვალისწინებული ყველა იმ საერთაშორისო ღონისძიებაში, რომელშიც გერმანია მონაწილეობს", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
მისივე თქმით, შეხვედრისას შეთანხმდნენ, რომ გაძლიერდება პარლამენტთაშორისი ურთიერთობები, როგორც პარლამენტის წევრებს, ისე პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს შორის, რათა საქართველომ მრავალპარტიული, დემოკრატიული პარლამენტის ფუნქციონირების ნაწილში გერმანიის მდიდარი გამოცდილების გაზიარება შეძლოს.
გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტი საქართველოში 15 თებერვლამდე დარჩება. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, საგარეო საქმეთა მინისტრ თამარ ბერუჩაშვილთან, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარესთან, საქართველოს პარლამენტის გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასთან საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან და მეგობრობის ჯგუფის სხვა წევრებთან.
13 თებერვალს, შედგება საჯარო შეხვედრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილისა და გერმანიის ბუნდესთაგის პრეზიდენტის, ნორბერტ ლამერტის მონაწილეობით, რომლის ფარგლებშიც იგეგმება ლამერტის საჯარო გამოსვლა თემაზე: "ევროპის სამშვიდობო წესრიგი კონფლიქტებსა და შეთანხმებებს შორის პერიოდში".