"თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენელი, დეპუტატი ნინო გოგუაძე დარწმუნებულია, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევის კრიტერიუმებთან დაკავშირებით, უმრავლესობის წევრებთან კონსულტაციები არ გამართულა.
"უმრავლესობის რამდენიმე პირი მიიჩნევს, რომ ისინი წარმოადგენენ მხოლოდ უმრავლესობას და მათი გადაწყვეტილება მიღებული უნდა იყოს როგორც ბრძანება. ძალიან კარგია, რომ უმრავლესობის წევრებმა ხმა ამოიღეს და თქვეს, ჩვენ არ ვართ მონები და გვინდა, საკითხები შეგვითანხმონ", - განუცხადა ჟურნალისტებს ნინო გოგუაძემ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევის პროცესს უმრავლესობის ერთი ნაწილი საგანგებო მიმართვით და ხელმოწერებით ეხმაურება. უმრავლესობის 19 დეპუტატი პრეზიდენტ მარგველაშვილთან კონსულტაციების შედეგად შეჯერებულ კრიტერიუმებს აპროტესტებს. მათი განცხადებით, კანდიდატურის არაკონსტიტუციური კრიტერიუმით შერჩევა ხდება.