დავით უსუფაშვილი - ჩვენ მოვესწრებით იმას, როდესაც ჩვენი სახელმწიფო გვექნება

დავით უსუფაშვილი - ჩვენ მოვესწრებით იმას, როდესაც ჩვენი სახელმწიფო გვექნება

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში "წლის პირველი საჯარო ლექცია" წაიკითხა, თემაზე - "ჩვენი სახელმწიფო".
ღონისძიებას თსუ-ს რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, სტუდენტები, პროფესორები, მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

ვლადიმერ პაპავას განცხადებით, 8 თებერვალი უნივერსიტეტის დაარსების დღეა, 12 თებერვალი კი საუნივერსიტეტო საქმიანობის დაწყების დღე. 

როგორც პარლამენტის თამჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა განაცხადა, ის დიდი ხანია მიეჩვია საჯარო გამოსვლებს, თუმცა ასე აღლვებული არასდროს ყოფილა. 

"ჩემს სიტყვებს ასეთი ემოციური დატვირთვა არასოდეს ჰქონია. უნივერსიტეტში ჩემი გამოსვლით გრძელდება ის ტრადიცია, რომელსაც საფუძველი ივანე ჯავახიშვილმა ჩაუყარა. ეს ძალიან დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა. ჩვენი წარსულისა და დღევანდელობის გამო შევარჩიე ლექციის თემა "ჩვენი სახელმწიფო". ჩვენ, სამოქალაქო საზოგადოება უნდა ვიყოთ ჩვენი სახელმწიფოს ბატონ-პატრონი. თუკი სადმე სიტყვა "ჩვენ" უნდა არსებობდეს და არა ამ პარტიის, იმ ჯგუფის და ა.შ. სწორედ ამ დაწესებულებაში უნდა არსებობდეს. ჩვენ მოვესწრებით იმას, როდესაც ჩვენი სახელმწიფო გვექნება", - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა. 

საჯარო ლექციის წაკითხვის შემდეგ თსუ-ს რექტორმა, ვლადიმერ პაპავამ პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი უნივერსიტეტის მედლით და სიგელით დააჯილდოვა, "წლის პირველი საჯარო ლექციის" ჩატარებისთვის. 

ვლადიმერ პაპავას განცხადებით, 1918 წლის 12 თებერვალს უნივერსიტეტში პირველი ლექცია ივანე ჯავახიშვილმა წაიკითხა. 
"ჩვენ აღვადგინეთ ტრადიცია. ამიერიდან, ყოველი წლის 12 თებერვალს უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, რომელიც წარმატებული იქნება თავის საქმიანობაში, თსუ-ში "წლის პირველ საჯარო ლექციას" წაიკითხავს. ამჯერად არჩევანი დავით უსუფაშვილზე გაკეთდა. როგორც მოსალოდნელი იყო, მისი ლექცია ძალიან საინტერესო გამოვიდა. ის შეეხო ჩვენი სახელმწიფოს ყველაზე ყოვლისმომცველ პრობლემებს და მისი გადაჭრის გზებს", - განაცხადა პაპავამ. 

დავით უსუფაშვილის საჯარო ლექციაზე დამსწრეებს დაურიგდათ თსუ-ს მიერ გამოცემული ივანე ჯავახიშვილის პირველი ლექციის ბეჭდური ვერსია. თავად პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის საჯარო ლექცია - "ჩვენი სახელმწიფო" ბეჭდური სახით 2016 წლის 12 თებერვლისთვის გამოიცემა.