დეპუტატი დავით საყვარელიძე უკრაინაში ანტიკორუფციული ბიუროს თავმჯდომარის პოზიციის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობას მიიღებს. ამის შესახებ დავით საყვარელიძემ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე დაწერა.
როგორც საყვარელიძე აღნიშნავს, გადაწყვეტილების მიღებაზე ძალიან ბევრი იფიქირა.
"ხანგრძლივი ფიქრის და განსჯის შემდეგ, ჩვენს გუნდთან ერთად მივიღე გადაწყვეტილება დავთანხმდე მეგობრების და კოლეგების თხოვნას და მონაწილეობა მივიღო უკრაინაში ახლად შექმნილი ანტიკორუფციული ბიუროს თავმჯდომარის ვაკანტური პოზიციის კონკურსში. ბევრისთვის ალბათ გაუგებარი გადაწყვეტილებაა, ბევრისთვის კიდევ გასახარი და მისაღები. უკვე 33 წელია რაც ვუყურებ, როგორ იბრძვის ღირსეული არსებობისთვის ჩემი ქვეყანა. წლებმა გვაჩვენა, რომ როგორც საქართველოს ისე უკრაინის ფრონტის ხაზი ბოლო წლებია გაერთიანდა. ვისაც არ ესმის საქართველოს და უკრაინის საერთო ხვედრი, მომავალი და დღეს გადასალახი ჩვენი საერთო პრობლემები, გამიჭირდება იმის ახსნა, თუ რატომ ჩავთვალე საჭიროდ საკუთარი ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლა და სხვა სახელმწიფოში სამუშაოდ გადასვლა. რაც მთავარია ქართული პოლიტიკის დატოვება", - აღნიშნულია დავით საყვარელიძის განცხადებაში.
მისივე თქმით, ეს ნაბიჯი ბრძოლის უფრო აქტიურ ფაზაში გადასვლას უკავშირდება, ამჯერად უკვე უკრანაში.
"საქართველოს და უკრაინის საერთო ფრონტის ხაზი არ მოიცავს მხოლოდ აფხაზეთს, სამაჩაბლოს, დონეცკს, ლუგანსკს და ყირიმს. მივიღე რა შემოთავაზება უკრაინელი პარტნიორებისგან, გადავწყვიტე ჩავება ბრძოლის არანაკლედ მნიშვნელოვან მიმართულებაში: უკრაინაში კორუფციის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლაში. ვეცდები ჩვენს გუნდთან ერთად მაქისიმალურად დავიხარჯო უკრაინაში სამართლიანი და საზოგადოების ინტერესებისთვის მებრძოლი ინსტიტუტების ჩამოყალიბებაში. მიმაჩნია, რომ იმ გამოცდილებით და ცოდნით რაც ახალი ქართული და წარმატებული სახელმწიფოს მშენებლობისას ჩემს თანამებრძოლებთან ერთად მივიღე, შევძლებ ბრძოლის მნიშვნელოვანი ფლანგი გავამაგრო," - აღნიშნულია საყვარელიძის განცხადებაში.
მისივე თქმით, რთულია უკრაინაში უყურო იგივეს, რასაც საქართველომ განიცდიდა და დღემდე უხდება თავისუფლებისთვის დიდი ფასის გადახდა.
"რთულია შეეგუო სახელმწიფოს წინსვლის შემაფერხებელ კორუფციის გაუგონარ მასშტაბებს. ამით პირელ რიგში ჩვენი ქვეყნების საერთო მტერი ხეირობს.
მტკიცედ მჯერა, რომ თუ აქაც შევძლებ თუდაც ერთი აგურის დადებას უკრაინული სამართალდამცავი ინსტიტუტების მშენებლობაში. დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინის წარმატება, გამართულ ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება, ახალ ბიძგს მისცემს თავისუფლებისთვის მებრძოლ ყველა ქვეყანას ახალი, უფრო თამამი რეფორმების გატარებისთვის. საქართველოსთვის კი უბრალოდ თავის ბრძოლის გაგრძელებაა - ეს ერთი ფრონტია! აფხაზეთი, ყირიმი, ცხინვალი და ლუგანსკი, ქურდული სამყარო და ტოტალური კორუფცია - ეს ერთი მტრის, ერთი გამოწვევის სხვადასხვა მხარეებია და სადაც არ უნდა ვიბრძოლოთ, მოწინააღმდეგეც და მოკავშირეც ამ ბრძოლაში ერთი და იგივეა", - აცხადებს საყვარელიძე.
დეპუტატის თქმით, მისთვის უდიდესი გამოწვევა და პატივია მონაწილეობა მიიღოს ისეთი არაჩვეულებრივი და უდიდესი პოტენციალის მქონე ქვენის მშენებლობაში, როგორიც უკრაინაა.
"გპირდებით, რომ გავაკეთებ ყველაფერს, რათა ჩემი და ჩვენი გუნდის მიერ შეტანილი წვლილი ორი ქვეყნის ერთად ბრძოლის და მეგობრობის გამორჩეული მაგალითი იყოს. რაც შეეხება "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას", ჩემი გული სული და შეგნება იდეებზე და ღირებულებებზე დაფუძნებულ ღირსეულ ადამიანთა გაერთიანებაში რჩება. ეს პარტია არც მეტი და არც ნაკლები ჩემი ოჯახია! ძალიან მიყვარხართ და სულ მალე საქართველოსა და უკრაინის გამარჯვებას ერთად ვიზეიმებთ", - აცხადებს საყვარელიძე.