აღმოსავლეთ საქართველოში მიმდინარე რთველის (დასავლეთ საქართველოში რთველი ახლაღა იწყება) წლევანდელი მთავარი მახასიათებელი, ყურძნის მცირემოსავლიანობაა. ამის მიზეზად ზაფხულში ცუდი კლიმატურ–მეტეორეოგიული პირობები სახელდება, რაც ბოლო წლებში გლეხების ერთ–ერთი მთავარი პრობლემაა.
მცირემოსავლიანმა რთველმა საქართველოს ხელისუფლებას ბევრი პრობლემა მოუხსნა. უმთავრესი კი ის გახლავთ, რომ ხელისუფლებისათვის მარადიული “თავის ტკივილი“ - გლეხების ჭარბი მოსავლის გასაღება წელს თუნდაც შარშანდელზე მძაფრად არ დამდგარა.
კახეთში ღვინის ქარხნებმა უკვე 20 000 ტონა ყურძენზე მეტი ჩაიბარეს. რთველის საკოორდინაციო შტაბის უფროსი – ტარიელ გაბუნია აცხადებს:
“ღვინის ქარხნებმა 13 200 ტონა საფერავი უკვე ჩაიბარეს, ერთი კილოგრამი 65 თეთრად. აქედან 40 თეთრს ქარხნები თავად იხდიდნენ, 25 თეთრს სუბსიდიის სახით სახელმწიფო გასცემდა. შეიძლება ითქვას, რომ საფერავის ჯიშის ყურძნის მოსავლის 95% უკვე დაბინავებულია. რაც შეეხება რქაწითელს, წინასწარი გათვლებით, ღვინის ქარხნებს 5 - 6 ათასი ტონა რქაწითელი უნდა მიეღოთ. 4 800 ტონა უკვე ჩაბარებულია“
მცირემოსავლიანობის გამო, კახეთში რქაწითელის ჯიშის ყურძნის ჩასაბარებელი ფასი დაახლოებით 90 თეთრი გახდა. წელს კახეთში 85 584 ტონა ყურძნის მოსავალია მოსალოდნელი. აქედან 58 419 ტონა რქაწითელია, 22 831 ტონა საფერავი და 4 335 ტონა ჰიბრიდული ჯიშის ყურძენი.
გასულ წელს კახეთში 160 000 ტონა ყურძენი მოვიდა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, წელს რეგიონში 85 584 ტონა ყურძნის მოსავალს ელიან. ყურძენი წელს სეტყვამ და გვალვამ გაანახევრა. გლეხები ამბობენ, რომ ყურძნის ფასი მოსავლის მოსაყვანად დახარჯულ თანხას ვერ ანაზღაურებს.
კახელი გლეხი, იაკობ ტოკლიკაშვილი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ მცირე მოსავლიანობის გამოისობით, მას ყურძნის ჩაბარება არ გასჭირვებია, თუმცა წელს მისი ოჯახის შემოსავალი მნიშვნელოვანდ მცირე იქნება.
იაკობ ტოკლიკაშვილი, გლეხი: “დღეს ისეა ყველაფერი მოწყობილი, რომ მცირე მოსავალიც პრობლემაა და დიდიც. წელს როგორც სხვებს, მეც ცოტა რქაწითელი მომივიდა და ადვილად ჩავაბარე 80 თეთრად, მაგრამ ამით რა ხეირი? შემოსავალი წელს უფრო ცოტა მქონდა. ბევრი ყურძენი რომ მომსვლოდა, უკვე სხვა პრობლემები გაჩნდებოდა და ჩაბარებაზე უნდა მეწვალა. მოკლედ, ჩვენი საშველი არ იქნება, საკუთარ თავს თავად თუ არ მივხედეთ. ვისაც ცოტა ფული ჰქონდა და ჭკუა იხმარა, პატარა ქარხნები მოაწყვეს სახლებში და ყურძნის გაყიდვის პრობლემა უკვე აღარ აქვთ. მაგდენი ფული რომ მქონდეს, ერთი წუთითაც არ დავფიქრდებოდი და მეც გავაკეთებდი პატარა ქარხანას, მაგრამ სადაა მაგისი შესაძლებლობა?
მცირე ქარხნების მოწყობაზე სხვა გლეხებიც საუბრობენ. განა ასეთი პრობლემურია ეს საკითხი?
– პრობლემები მაშინ ჩნდება, როდესაც ფული არ არის. სადაც ფულია, იქ არც პრობლემებია. ადრე, როდესაც რუსეთის ბაზარი ღია იყო, ყურძნის მოყვანას აზრი მართლა ჰქონდა, ახლა კი ბევრი რამ შეიცვალა.
რამდენადაც ვიცი, ეს პრობლემა მაშინაც იდგა, როდესაც რუსეთში ქართული ღვინო გადიოდა.
– გააჩნია ამ ამბავს როგორ შეხედავთ. ადრე შეიძლება ხარისხი ბევრს არ ადარდებდა, მაგრამ ვისაც ყურძენი გვქონდა, ყველამ ვიცოდით, რომ მოსავალი გაუყიდავი არ დაგვრჩებოდა. ახლა არც ხარიხსია განსაკუთრებით შეცვლილი და თუ კარგი მოსავალი იქნება, ყველას გვეშინია, რომ ყურძენი არ დაგვილპეს“
როგორც ყურძნისა და ღვინის ბიზნესით დაინტერესებული ადამიანები ამბობენ, სახელმწიფოს ინტერესი მარტივია, ყურძნის ჩაბარებისას, მინიმუმამდე დავიდეს კახელი გლეხობის უკმაყოფილება, რომ ეს ყველაფერი, სოციალურ ბუნტში არ გადაიზარდოს.
ხშირია შემთხვევები, როდესაც ღვინის ქარხნის დირექტორებს ხელისუფლების წარმომადგენლები აიძულებენ ყურძნის მიღებას. ძალოვნების გააქტიურებას კახეთში, წინ უძღოდა, რამდენიმე ღვინის ქარხნის გადაწყვეტილება არ ჩაებარებინათ წლევანდელი ყურძენი. მათ შორის იყვნენ ზეგაანის, ვაჩნაძიანის ღვინის ქარხნები და კომპანია “ყვარლის გვირაბი“. საკუთარ ვენახებზე აკეთებდნენ აქცენტს დიდი კომპანიები “ქინძმარაულის მარანი“ და “თელავის ღვინის მარანი“. ასევე ცნობილი გახდა, რომ ოთხმა უმსხვილესმა ღვინის კომპანიამ - “თელიანი ველმა“, “თბილისის მარანმა“, “ჯი-ვი-ესმა“ და “მეღვინეობა ხარებამ“ არაოფიციალურად დააფიქსირეს, რომ გლეხობის მიერ, წელს მოყვანილი ყურძნის მოსავლის დიდი ნაწილი უხარისხოა და ევროპული სტანდარტების ღვინის დასამზადებლად არ გამოდგება.
გოჩა ხარიტონაშვილი, კახელი გლეხი: “კარგად ვიცით, რომ ჩვენი მოყვანილი ყურძენი ხანდახან ვერ არის იმ ხარისხის, როგორსაც ქარხნები ითხოვენ. რა ვქნათ ახლა? გადავყაროთ მთელი წლის მოსავალი? კომუნისტების დროს, ყველანაირი ყურძნის მოყვანა დაშვებული იყო და ჩვენც ისე ვაკეთებდით საქმეს, როგორც მთავრობა ითხოვდა. მერე დრო შეიცვალა, გაჩდნენ ეს ახალი კომპანიები და ყოველთვის გვიწუნებენ ყურძენს. ზოგს მოვლის ტექნიკა არ მოსწონს, ზოგი ყურძნის ჯიშებზე გვეწუწუნება... ახლა ვაზი რომ ამოვყარო და სხვა ჩავყარო, ხუთი წელი მაინც დასჭირდება ახალმა ვენახმა რომ ნორმალური მოსავალი მომცეს და მანამდე ოჯახში რა ვჭამოთ? საზამთრო მე არა მაქვს და ვაშლი, რომ ყურძენის მაგივრად სხვა რამის იმედი მქონდეს. ვართ ამ ვაზს მიჩერებული და იმასაც გვიწუნებენ.
მაინც რაში ხედავთ გამოსავალს?
არ მინდა იფიქროთ, რომ გეწუწუნებით. მე ღვინის კომპანიებისაც მესმის. ყველას უნდა, რომ კარგი ყურძენი იყიდოს,. აბა გიჟები ხომ არ არიან, ბევრი ფული ცუდ ყურძენში გადაყარონ? გამოსავალი კი ის არის, ხელისუფლებამ უნდა შეგვიწყოს ხელი, რომ გლეხებს ჩვენი პატარ–პატარა საწარმოები გვქონდეს. სულ რომ გაიძახიან– გლეხებს კრედიტს ვაძლევთო, ეგ სულ ტყულებია.
სამჯერ ვიყავი თელავის ბანკებში და არც ერთმა არ მომცა ფული. ბანკში გარანტიის ამბავში რამე უნდა ჩადოო – მითხრეს. ჩემს სახლს ვდებდი და არ მიიღეს, ძველია, მაგას არავინ იყიდისო. ჰოდა, გეკითხებით, რა ვქნა? ჩვენც გვინდა პატარა ფული ვიშოვნოთ და ყველაფერს ვაკეთებთ , რომ ამ საქმიდან რამე გამოგვივიდეს, მაგრამ ჯერჯერობით, ისევ ამ ქარხების შემყურეები ვართ“