"თუ ვინმეს ბრალეულობა გამოვლინდება, კანონი ძალიან პრინციპული და მკაცრი იქნება"

შს მინისტრის მოადგილის ლევან იზორიას განცხადებით, თუკი ვაზაგაშვილის საქმზე სამინისტროს თანამშრომლების ბრალეულობა გამოიკვეთება, ისინი შესაბამისად დაისჯებიან.

"ვარაუდებზე, ბუნებრივია, ჩვენ მოქმედებებს ვერ დავამყარებთ, აუცილებელია კონკრეტული მტკიცებულებები და ეს ითქვა კიდეც ბატონი მინისტრის მიერ და იგივეს გავიმეორებ, რომ თუ გამოვლინდა კონკრეტული ბრალეულობა ცალკეული პიროვნებისა, განურჩევლად რომელი სისტემის თუ ჯგუფის წარმომადგენელია, კანონი იქნება ძალიან პრინციპული და მკაცრი მის მიმართ",-განაცხადა იზორიამ

არასამთავრობო ორგანიზაცია "თავისუფალი თაობის" წევრები იური ვაზაგაშვილის მკვლელობის დამკვეთად ირაკლი ფირცხალავას ასახელებენ. მათი განცხადებით, პასუხისმგებლობა ასევე უნდა დაეკისროს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსნებს, მათ შორის, ზაზა ჭაიას, ირაკლი ქადაგიძეს და ლევან გვაზავას.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ფირცხალავა ე.წ. კორტებთან ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილის და ალექსანდრე ხუბულოვის საქმეზეა დაკავებული.

8 თებერვალს კი, მთავარმა პროკურატურამ იური ვაზაგაშვილის საქმე გახსნილად გამოაცხადა. იური ვაზაგაშვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია პოლიციის თანამშრომელი გია სოსანაშვილი. მკვლელობის მოტივთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება.