დავით უსუფაშვილი ეროვნულ სირცხვილად მიიჩნევს, რომ იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში პოლიციის თანამშრომელია ბრალდებული

დავით უსუფაშვილი ეროვნულ სირცხვილად მიიჩნევს, რომ იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში პოლიციის თანამშრომელია ბრალდებული

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი ეროვნულ სირცხვილად მიიჩნევს, რომ იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში შს სამინისტროს თანამშრომელია ბრალდებული.

ამის შესახებ განცხადება უსუფაშვილმა სასტუმრო "რედისონში" გააკეთა, სადაც პროკურატურისა და შს სამინისტროს რეფორმის საკითხზე მეთერთმეტე საზოგადოებრივი ფორუმი მიმდინარეობს.

უსუფაშვილი პროკურატურის მიერ აღნიშნული საქმის გახსნას სწორედ შს საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის რეფორმირებაზე საუბრის კონტექსტში შეეხო.

"ჩვენ საზოგადოებრივ დონეზე უნდა მოვახდინოთ გარღვევა. კერძოდ, ტრადიციული გაგება იმის თაობაზე, რომ სახელმწიფოს ხერხემალია პოლიცია და შს სამინისტრო, შევცვალოთ თანამედროვე, ცივილური გაგებით, სახელმწიფოსი, ერის, საზოგადოების და ა.შ. სახელმწიფოს ხერხემალია განათლებული და თავისუფალი მოქალაქე. თუ რაიმე სხვა ხდება სახელმწიფოს ხერხემალი, ეს ხდება მოქალაქის თავისუფლების, მოქალაქის განათლების და მოქალაქის კეთილდღეობის ხარჯზე. პოლიციელი, რომელიც კრიმინალს ებრძვის, ჩვენ გვინდა, რომ იყოს განათლებული და თავისუფლების პატივისმცემელი, თავისუფლების მოყვარული ადამიანი. აი, მაშინ იქნება ის ისეთი პოლიციელი, რომელიც ჩვენ გვინდა ვიხილოთ და აღარ ვიხილოთ ის ეროვნული სირცხვილი, რაც გუშინ მოვისმინეთ. ძიება გრძელდება, არ მინდა მოვლენებს გავუსწრო, მაგრამ თუ ეს ყველაფერი დადასტურდა, ეს ეროვნული სირცხვილი იქნება და არა მხოლოდ იმ ერთი ადამიანის სირცხვილი", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, ეს რომ აღარ განმეორდეს, სახელმწიფოს სჭირდება, რომ ქვეყნის ხერხემალი იყოს განათლებული და თავისუფალი მოქალაქე.