საჭიროა პროკურატურის ისეთი რეფორმა, რომელიც უწყებას ანგარიშვალდებულად აქცევს, მათ შორის პარლამენტის წინაშე, - ამის შესახებ ჟურნალისტებს იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ვახტანგ ხმალაძემ სასტუმრო "რედისონში" განუცხადა, სადაც პროკურატურის და შს რეფორმის საკითხზე მეთერთმეტე საზოგადოებრივი ფორუმი იმართება.
როგორც ხმალაძემ განმარტა, წინააღმდეგ შემთხვევაში კვლავ რჩება საფრთხე იმისა, რომ აღმოვჩნდეთ იმ ვითარებაში, "როგორშიც ცოტა ხნის წინ ვიყავით".
"რომ არ იყოს პრეტენზიები შს სამინისტროსა და პროკურატურის მიმართ, ასეთი რეფორმის საჭიროება არ დადგებოდა. რაც ჩვენ გავაკეთეთ 2012 წლის ბოლო და 2013 წლის დასაწყისში, ვერ აღმოჩნდა ისეთი ეფექტური რეფორმა, რომელიც მოგვიტანდა სასურველ შედეგს. პროკურატურა ფაქტობრივად უკონტროლო ორგანოდ იქცა, ამან კი მთელი რიგი პრობლემა გამოიწვია. ამ ბოლო დროს მართალია, გამოსწორდა პროკურატურაში არსებული ვითარება, მაგრამ საფრთხე იმისა, რომ კვლავ აღმოვჩნდეთ ისეთ ვითარებაში, როგორშიც ცოტა ხნის წინ ვიყავით, არსებობს. სწორედ ამიტომ საჭიროა იმდაგვარი რეფორმა, რომელიც ანგარიშვალდებულად აქცევს უწყებას, მათ შორის პარლამენტის წინაშე, როცა შესაძლებელი იქნება, პროკურატურის საქმიანობაზე განხორციელდეს კონტროლი, რაც არანაირად არ უნდა ნიშნავდეს მისი დამოუკიდებლობის ხელყოფას", - აღნიშნა ვახტანგ ხმალაძემ.
რაც შეეხება შს საქმეთა სამინისტროს რეფორმას, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე უწყების ორად გაყოფას აუცილებლობად მიიჩნევს.
"შს სამინისტროს გაყოფა აუცილებელია, რადგან როგორც საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის, ისე სახელმწიფო უსაფრთხოების ერთ ხელში კონცენტრირება არის საკმაოდ მაღალი რისკის შემცველი. ასევე, ურთიერთკონტროლის შესაძლებლობა მკვეთრად მცირდება, რადგან ერთ უწყებაში ექცევა ყველა ძალოვანი სტრუქტურა. ზოგადად, რისკის შესამცირებლად საჭირო გაყოფა, არ უნდა იყოს ერთად ორი რამ, გარე უსაფრთხოებასა და კონტრდაზვერვაზე სხვა უწყება უნდა აგებდეს პასუხს, საზოგადოებრივ წესრიგზე – სხვა უწყება. შს სამინისტრო არ უნდა იყოს მხოლოდ პოლიცია, როგორც ფაქტობრივად დღეს არის, მას მთელი რიგი სამოქალაქო საქმეების კეთება უნდა დაეკისროს", - აღნიშნა ვახტანგ ხმალაძემ.