ჩვენ ვთავაზობთ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს ევროპულ მომავალს, წარმატებულ და განვითარებულ საქართველოს, მართლაც დემოკრატიულ და ევროპულ სახელმწიფოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა.
პრემიერს დაუსვეს კითხვა, რით არის საქართველო მიმზიდველი აფხაზებისა და ოსებისთვის და რით სჯობს ხელისუფლების შეთავაზება ამჟამინდელ სტატუს-კვოს, რათა განხორციელდეს მდგომარეობის ნორმალიზაცია.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, უპირველეს ყოვლისა, ახალი ე.წ შეთანხმებები მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ნიშნავს აფხაზეთისა და ე.წ სამხრეთ ოსეთის უფრო ინტენსიურ ინტეგრაციას რუსეთის ფედერაციაში, მაშინ, როდესაც საქართველო აფხაზ და ოს ძმებს ევროპულ მომავალს სთავაზობს.
"ასოცირების ხელშეკრულება არის ჩვენი ქვეყნის მოდერნიზაციისა და ევროპეიზაციის გენერალური გეგმა. ამჟამად ჩვენ ვმუშაობთ ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმაზე. ვვარაუდობთ, რომ მივიღებთ ევროკომისიის დადებით შეფასებას. ვემზადებით რიგის სამიტისთვის, რომელიც დაგეგმილია მაისში. მაგალითად, თუ საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ ევროპაში უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა, ეს იქნება კიდევ ერთი მიმზიდველი ფაქტორი აფხაზებისა და ოსებისთვის. დღეს ისინი, სამწუხაროდ, სრულიად იზოლირებულნი არიან ცივილიზებული სამყაროსგან. მე ძალიან შემტკივა გული აფხაზებისა და ოსების ხვალინდელ დღეზე, რადგანაც ღრმად მწამს, რომ მათ არ აქვთ კარგი მომავალი ქართველების გარეშე, ჩვენ გარეშე. ხსენებულ შეთანხმებებს კი ჩვენ განვიხილავთ, როგორც ჩვენი ტერიტორიების ანექსიისკენ გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერის თქმით, აფხაზები და ოსები მამაცი ხალხია. "ჩვენ გვიყვარს ეს ხალხი, ეს ეთნიკური ჯგუფები და ჩვენი სურვილია, დავიცვათ ისინი და გადავარჩინოთ მათი მომავალი. ჩემი აზრით, ევროპული პერსპექტივა არის ერთ-ერთი მომხიბვლელი ფაქტორი აფხაზებისა და ოსებისთვის: უკეთესი განათლება, ჯანდაცვა, სოციალური პირობები, ღია საქართველო, წარმატებული საქართველო - აფხაზებსა და ოსებთან ერთად! ჩვენ მზად ვართ მყისიერი შერიგებისთვის ჩვენს დებთან და ძმებთან, სწორედ ასე მოვიხსენებ მე მათ - აფხაზებსა და ოსებს, რადგანაც ჩვენ ერთად ვცხოვრობთ. ეს ჩვენი ისტორიაა. ეს არის ძალიან ბუნებრივი თანაარსებობა. ჩვენ უნდა შევრიგდეთ. მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და იმედი გამოთქვა, რომ დადგება დღე, როდესაც მიუნხენში შედგება შეკრება შერიგების აღსანიშნავად.