"თავისუფალი დემოკრატები" რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობენ. პარტიის ინფორმაციით, ლიდერები დღეს სამცხე- ჯავახეთის რეგიონს ესტუმრნენ. მათივე განმარტებით, ადგილობრივი მოსახლეობა პოლიტიკოსებს რეგიონში არსებული პრობლემების შესახებ ესაუბრა.
"ადიგენის მცხოვრებლები წარმოების არარსებობას, მეურნეობის განვითარებისთვის სესხების მიუწვდომლობას, სახნავი მიწების მორწყვის პრობლემას და შესაბამისად, მიწის დამუშავებისთვის პირობების უქონლობას უჩივიან. როგორც ადიგენის ახალგაზრდები ამბობენ, მათი ერთ-ერთი მთავარი პრობლემა შეზღუდული ინტერნეტრესურსია. ახალციხის მოსახლეობასთან შეხვედრისას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების უმოქმედობის და უშიშროების სამსახურების მხრიდან მათ საქმიანობაში უხეში ჩარევის პრობლემები გამოიკვეთა. პარტიულ აქტივთან შეხვეხრისას დაიგეგმა რეგიონში შეხვედრების მომავალი გრაფიკი - ის რაიონები და სოფლები, სადაც მოსახლეობა ყველაზე მეტად უჩივის უყურადღებობას და პრობლემების მოუგვარებლობას", - აცხადებენ "თავისუფალ დემოკრატებში".