"მოქალაქის" ორგანიზებით, ხვალ სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის მეორე ტური გაიმართება

სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის მეორე ტური ხვალ, 8 თებერვალს ჩატარდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" ორგანიზაცია "მოქალაქიდან" აცნობეს, მეორე ტურში გადასული მოსწავლეები ტესტირებას თბილისსა და რეგიონებში გაივლიან.

"რეგისტრაცია 12:00 საათზე დაიწყება. ტესტირება 3 საათს გაგრძელდება. მოსწავლეები ოლიმპიადაზე მოსაწვევით უნდა გამოცხადდნენ. მოსაწვევზე მითითებულია ოლიმპიადის ჩატარების ადგილი და რეგისტრაციის დაწყების დრო. ტესტი 55 ქულიანია და 22 დავალებისაგან შედგება: 15 დავალება დახურულბოლოიანია, ხოლო 7 - ღიაბოლოიანი",- აცხადებენ ორგანიზაციაში.

მათივე განმარტებით, ტესტით შეფასდება კრიტიკული აზროვნების, არგუმენტირებული მსჯელობის, შემოქმედებითობის, ე. წ. დილემური სიტუაციების ზნეობრივი პოზიციებიდან განსჯისა და პრობლემის გადაწყვეტის უნარი. ასევე შემოწმდება, თუ როგორ იყენებენ მოსწავლეები სამოქალაქო და მოქალაქეობრივი უფლებების კონცეფციებს პრობლემის გადაწყვეტის პროცესში.

ოლიმპიადის პირველ ტურში მონაწილეობა საქართველოს 1277 სკოლის 22 ათასზე მეტმა მოსწავლემ მიიღო. პირველი ტურის შედეგად 2016 გამარჯვებული გამოვლინდა. მეორე ტურში მონაწილე საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტს ჰყავს.

პროექტის ფარგლებში იგეგმება ოლიმპიადის მესამე ტურის 20 გამარჯვებულის გამგზავრება ენის (ინგლისური, გერმანული, ფრანგული) კურსებზე დასავლეთ ევროპის ქვეყნებში.