ბაჩო ახალაიას ბრალი დაუმძიმდა, მეგის ქარდავას და ნიკა ძიმცეიშვილს კი, ახალი ბრალი წარედგინათ

ბაჩო ახალაიას ბრალი დაუმძიმდა, მეგის ქარდავას და ნიკა ძიმცეიშვილს კი, ახალი ბრალი წარედგინათ

ბაჩო ახალაიას ბრალი დაუმძიმდა ჩაპლიგინისა და სხვათა ე.წ. ჯაშუშების საქმეზე, ხოლო მეგის ქარდავას და ნიკა ძიმცეიშვილს ამ საქმეზე ბრალი წარედგინათ, - ამის შესახებ მთავარი პროკურატურის დატოვების შემდეგ ბრალდებულების ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა განაცხადა.

როგორც ადვოკატმა განმარტა, ე.წ. ჯაშუშების საქმეს დაემატა ახალი ეპიზოდი, რომლის მიხედვით, მეგის ქარდავამ მიითვისა თანხა და ამაში მას დაეხმარნენ თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია და მისი ყოფილი მოადგილე ნიკა ძიმცეიშვილი.

"ბრალდება აგებულია ერთადერთი მოწმის, სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, ლევან ბაქრაძის ჩვენებაზე. ეს ადამიანი არის ის, ვინც გააყალბა და შექმნა ყალბი დოკუმენტაცია, თუმცა ამ დრომდე არ არის მიცემული პასუხისგებაში. თანხა, რომელზეც ბრალდებაშია საუბარი, წარმოადგენს 60 000-მდე ლარს, რომელიც გახარჯულია სერგეი ჩაპლიგინისა და სხვა ჯაშუშების საქმეზე. თანხა არის ოპერატიულ-მიზნობრივი, შესაბამისად, ამ ეპიზოდს ადევს გრიფი და დამატებით დეტალებზე ვერ ვისაუბრებ", - განაცხადა მალხაზ ველიჯანაშვილმა.

ადვოკატი ვარაუდობს, რომ ამ ეპიზოდის მთავარ საქმეზე გაერთიანებით პროკურატურა გეგმავს სასამართლოში პროცესები დახურულ რეჟიმში წარიმართოს, რითაც, როგორც ადვოკატი ამბობს, საზოგადოება ვერ შეიტყობს ბრალდების აბსურდულობას. ველიჯანაშვილმა განმარტა, რომ მთავარ საქმეში გასული წლის მაისში ბაჩო ახალაიას ბრალი წამების ორგანიზებაში დასდეს, თუმცა 9 თვიანი ვადის მიწურვის მიუხედავად, ჯერჯერობით სასამართლოში საქმის განხილვა არ დაწყებულა.

ამასთან, ადვოკატის თქმით, პროკურატურა აღკვეთის ღონისძიებას ახალი ბრალდების შემდეგ მხოლოდ ნიკა ძიმცეიშვილის მიმართ მოითხოვს, რადგან ბაჩო ახალაიას აღკვეთის ღონისძიება ამ საქმეზე უკვე შეფარდებული აქვს.

რაც შეეხება თავდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, ნიკა ძიმცეიშვილს, ველიჯანაშვილის თქმით, დოკუმენტაციით დასტურდება, რომ იგი საქართველოში არ იმყოფება. ამასთან, ადვოკატი განმარტავს, რომ ამ დრომდე ძიმცეიშვილი არც პასუხისგებაშია მიცემული და შესაბამისად, არც ძებნილად არის გამოცხადებული.

მალხაზ ველიჯანაშვილის ინფორმაციით, თუკი პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების მოთხოვნას გადაწყვეტს, შესაბამისი პროცესი სასამართლოში ხვალ უნდა გაიმართოს.

გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის 182-ე მუხლით, რაც მითვისება-გაფლანგვას გულისხმობს და 7-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.