ირაკლი ღარიბაშვილი მადლენ ოლბრაიტს შეხვდა

ირაკლი ღარიბაშვილი მადლენ ოლბრაიტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი NDI-ის თავმჯდომარეს, აშშ-ის ყოფილ სახელმწიფო მდივანს, მადლენ ოლბრაიტს შეხვდა.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში მიმდინარე რეფორმები და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.

"მხარეებმა საკითხთა ფართო სპექტრი განიხილეს, ისაუბრეს ორმხრივ ურთიერთობებსა და ეროვნულ- დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საქართველოში საქმიანობის გეგმებზე. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროატლანტიკურ პერსპექტივაზე. აღინიშნა, რომ ნატო-ს უელსის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება მოწმობს, რომ საქართველო ალიანსთან ურთიერთობის უმაღლეს საფეხურზე გადავიდა. მადლენ ოლბრაიტმა დადებითად შეაფასა ყველა ის რეფორმა, რომელსაც ალიანსთან დაახლოების გზაზე ქვეყნის ხელისუფლება ატარებს", - აცხადებენ პრემიერის პრესსამსახურში.

მათივე განმარტებით, მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და რუსეთთან ურთიერთობის საკითხები.

"გამოითქვა შეშფოთება რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთის სეპარატისტულ რეჟიმთან გაფორმებული ე.წ. მოკავშირეობის ხელშეკრულების გამო. აღინიშნა, რომ ასევე მიუღებელია ანალოგიური ხელშეკრულების გაფორმება ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებასა და ოფიციალურ მოსკოვს შორის.

ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა მადლენ ოლბრაიტს აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერისთვის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. მანვე ხაზი გაუსვა ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას და ორი ქვეყნის ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავების იმედი გამოთქვა", - განმარტავენ პრემიერის პრესსამსახურში.

NDI-ის თავმჯდომარესთან გამართულ შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე ესწრებოდნენ.