გიორგი კვერენჩხილაძე მოსამართლეთა გამოსაცდელი ვადით დანიშვნის ნორმის წინააღმდეგია

გიორგი კვერენჩხილაძე მოსამართლეთა გამოსაცდელი ვადით დანიშვნის ნორმის წინააღმდეგია

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი კვერენჩხილაძე მოსამართლეთა გამოსაცდელი ვადით დანიშვნის ნორმის წინააღმდეგია. როგორც კვერენჩხილაძემ ჟურნალისტებს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის საკითხთან დაკავშირებით საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში მორიგი სამუშაო შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა, მისი პოზიცია ვენეციის კომისიის დასკვნიდან გამომდინარეობს, რომელიც აღნიშნული ნორმის საჭიროებას ვერ ხედავს.

"დღევანდელი სამუშაო ჯგუფის სხდომა განიხილავს სასამართლო ხელისუფლებასთან დაკავშირებულ რიგ საკითხს. კერძოდ, გრძელდება განხილვა საკითხის, რომელიც უკავშირდება მოსამართლეთა უვადოდ განწესების პრინციპს და მოსამართლეთა 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით დანიშვნის წესს. ეს ნორმები კონსტიტუციაში დევს. წინა შეხვედრაზე სამუშაო ჯგუფი ამ საკითხებზე ვერ მივიდა გარკვეულ შედეგამდე, ამიტომ ამაზე მსჯელობა გრძელდება დღეს. პირადად მე შეიძლება არ ვიყო მოსამართლეთა გამოსაცდელი ვადით დანიშვნის თანახმა გარკვეული გარემოებიდან გამომდინარე, მათ შორის ვენეციის კომისიის დასკვნიდან, რომელიც აქტიურად მიუთითებს ამ ნორმის არასაჭიროების თაობაზე", - განაცხადა კვერენჩხილაძემ.

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვის საკითხთან დაკავშირებით პარლამენტში შეხვედრა მიმდინარეობს.

იურისტებს და ექსპერტებს შორის აზრი ორად არის გაყოფილი იმ კონსტიტუციური ნორმის გარშემო, რომლის მიხედვითაც, მოსამართლის უვადოდ განწესებამდე შესაძლებელია მისი 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით დანიშვნა. ერთი ნაწილის აზრით, მოსამართლეთა გამოსაცდელი ვადით განწესების მექანიზმი კონსტიტუციაში უნდა დარჩეს. მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ გამოსაცდელი ვადით განწესების მექანიზმი უნდა გაუქმდეს და მოსამართლეები პირდაპირ უვადოდ დაინიშნონ.