პრეზიდენტის გადასაწყვეტია, პარლამენტში მოხსენებით გამოსვლის თარიღი

პრეზიდენტის გადასაწყვეტია, პარლამენტში მოხსენებით გამოსვლის თარიღი

კანონმდებლობა არ ირღვევა იმით, თუკი პრეზიდენტი პარლამენტში წლიური მოხსენებით არა თებერვალში, არამედ სხვა თვეს გამოვა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი კვერენჩხილაძემ განუცხადა.

კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა, რომ გიორგი მარგველაშვილი საკანონმდებლო ორგანოში თებერვალში არ მივიდეს, საპარლამენტო მდივნის თქმით, "თეორიულად ყველაფერი შესაძლებელია".

"საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, რომელიც კანონის ძალის მქონე აქტია, პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება იმართება როგორც წესი, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების პირველ დღეს, თუმცა"როგორც წესი", რა თქმა უნდა, გამონაკლისსაც გულისხმობს და უკანასკნელი წლების ტრადიციაც ამაზე მიუთითებს", - განაცხადა გიორგი კვერენჩხილაძემ.

მისივე განმარტებით, პარლამენტში მოხსენებით გამოსვლის თარიღი თავად პრეზიდენტის გადასაწყვეტია და არა საკანონმდებლო ორგანოსი.

"კონსტიტუციურად და კანონის მიერადაც, რა თქმა უნდა, პრეზიდენტის გადასაწყვეტია მისი მოხსენება როდის წარედგინოს საქართველოს პარლამენტს. უკვე პრეზიდენტის მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ

პარლამენტის ხელმძღვანელობასთან გვექნება კონსულტაციები საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით და სწორედ ამის მერე გაჟღერდება საბოლოოდ პრეზიდენტის მოხსენების თარიღი", - აღნიშნა კვერენჩხილაძემ.

"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, პრეზიდენტი პარლამენტში წლიური მოხსენებით თებერვალში, სავარაუდოდ, არ გამოვა.