ირაკლი ღარიბაშვილი ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

ირაკლი ღარიბაშვილი ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტის, დეიმონ უილსონის შეხვედრაზე საქართველოსა და აშშ-ს ატლანტიკურ საბჭოს შორის თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

შეხვედრა მიუნხენის 51-ე უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, საუბარი ნატო-საქართველოს ურთიერთობებს და ევროინტეგრაციის საკითხებს შეეხო. აღინიშნა, რომ საქართველო განუხრელად იცავს ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის კურსს, რომელიც წარმოადგენს მისი, როგორც საგარეო, ასევე საშინაო პოლიტიკის ქვაკუთხედს.

"ყურადღება გამახვილდა ამ მიმართულებით მიღწეულ პროგრესსა და საქართველოსა და ალიანსის თანამშრომლობის არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის საკითხებზე. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველო გააგრძელებს ყოვლისმომცველი რეფორმის განხორციელებას", - აცხადებენ ადმინისტრაციაში.

მათივე თქმით, მხარეებმა საქართველო-რუსეთის ურთიერთობასა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მდგომარეობაზე იმსჯელეს. საუბარი ასევე შეეხო უკრაინის კრიზისს.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-ის ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტს შეერთებული შტატების მხარდაჭერისა და სტრატეგიული პარტნიორობისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრას ქართული მხრიდან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე დაესწრნენ.