კოალიცია

კოალიცია "საზოგადოებრივი ინიციატივის" ინფორმაციით, რუსულ კომპანია ГАЗ-ჯგუფს საქართველოში შემოსვლა სურს

კოალიცია "საზოგადოებრივი ინიციატივის" წარმომადგენლის, ვასო ურუშაძის ინფორმაციით, რუსულ ავტომწარმოებელ კომპანია ГАЗ-ჯგუფს საქართველოში შემოსვლა სურს.

როგორც ურუშაძე საქართველოში ГАЗ-ჯგუფის ოფიციალური დილერი კომპანიის "სტრადაავტოს" ხელმძღვანელ დავით ზაუტაშვილზე დაყრდნობით აცხადებს, თუ ავტოპარკის განახლების მიზნით ხელისუფლების ნებისმიერი უწყება სპეც-ავტოტექნიკაზე ტენდერს გამოაცხადებს, კომპანია აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას და მოემსახურება საქართველოს მთავრობას.

"მეტიც კომპანიის განცხადებით, თუ ხელისუფლება დაინტერესდება ГАЗ-ჯგუფის მიერ წარმოებული რუსული ავტობუსებით "სტრადაავტო" მზადაა საქართველოში მუნიციპალური ტრანსპორტის ეს სახეობაც შემოიყვანოს", - აცხადებს ურუშაძე.

მისივე ინფორმაციით, 2014 წლის ბოლოს რუსულმა ავტომწარმოებელმა კომპანიამ ГАЗ-ჯგუფმა თბილისის ივენთ-ჰოლში გაზელის მარკის ავტომობილების პრეზენტაცია გამართა, რომელსაც საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირები და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

"პრეზენტაციაზე სპეციალური დანიშნულების ავტომობილები იყო წარმოდგენილი, კერძოდ: სამაშველო, სახანძრო, სასწრაფო და დასუფთავების ავტოტექნიკა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ამ ავტომობილებზე უკვე ქართულენოვანი წარწერები იყო დატანილი ( "სამაშველო 112" ) და სხვა", - განმარტავს ურუშაძე.

კოალიცია "საზოგადოებრივი ინიციატივის" წარმომადგენლის განცხადებით, რუსული ავტომწარმოებელი კომპანიის საქართველოში შესაძლო შემოსვლას არასამთავრობოთა ნაწილი აპროტესტებს, რადგან, მათი შეფასებით, ГАЗ-ჯგუფი არღვევს საქართველოს კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, გამომდინარე იქედან, რომ ოფიციალურად თანამშრომლობს საქართველოს ტერიტორიაზე, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან.

"კერძოდ, ირღვევა მუხლი #6 ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე", - აცხადებს ურუშაძე.

აღნიშნულ ინფორმაციას ეკონომიკური პორტალი bpn.ge ავრცელებს.