სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის განკუთვნილ 30-ლარიან ვაუჩერს ქვეყნის მასშტაბით 3400 სოფელში 800 ათასამდე ოჯახი მიიღებს, რომლის მოქმედების ვადა 2011 წლის 20 დეკემბრიდან 2012 წლის 31 იანვრამდეა. ვაუჩერის გამოყენება შესაძლებელი იქნება: მიწის სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის ან სასუქის შესაძენად (სასუქის ვაუჩერით შეძენა შესაძლებელი იქნება სავაჭრო ობიექტებში, რომლებიც პროგრამისთვის დარეგისტრირებულია სოფლის მეურნეობის სამინისტროში), ან 2012 წლის 1 ივნისიდან 31 დეკემბრის ჩათვლით გამოუყენებელი ვაუჩერის განაღდება (ლიბერთი ბანკის ფილიალებში). მექანიზატორებს და სასუქით მოვაჭრეებს ვაუჩერის განაღდება მიღებისთანავე შეეძლებათ.
„სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩასატარებლად განკუთვნილი ვაუჩერების გამოყენება შესაძლებელი იქნება, როგორც მიწის საგაზაფხულო სამუშაოებისთვის, ასევე სასუქის შესაძენად. სასუქი იმ სავაჭრო ობიექტებში გაიყიდება, რომლებიც პროგრამისთვის სოფლის მეურნეობის სამინისტროშია დარეგისტრირებული. ვაუჩერის გამოუყენებლობის შემთხვევაში, შესაძლებელია მისი განაღდება ან ერთჯერადად გასხვისება“, - ამბობს სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა გოროზია.
საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით ეს ვაუჩერი გაჭირვებულ ხალხს წაადგება:
„ბევრს ვფიქრობდი, თუ როგორ შეიძლებოდა ამ ხალხის წახალისება, მათი, ვისაც მცირე მიწა აქვს. წინა წლებში ჩვენ ძალიან ბევრი ტრაქტორი შემოვიტანეთ, მაგრამ მაინც აღმოჩნდა პრობლემები. ამიტომ ახლა გადავწყვიტეთ, სოფლის მოსახლეობას 30-ლარიანი, საგაზაფხულო სამუშაოებს ვაუჩერით დავხმარებოდთ. ეს ვაუჩერი ხალხმა შეიძლება გამოიყენოს როგორც ხვნა-თესვის სამუშაოებში, ტრაქტორის ქირაობისთვის ნაკვეთების დასამუშავებლად, ისე - სასუქის მისაღებად. მაღალმთიან და მცირემიწიან ადგილებში ხალხს შეუძლია, ვაუჩერის ნაცვლად, პირდაპირ 35 კილოგრამი სასუქი მიიღოს, რომელიც, რეალურად, 70 ლარის ღირებულებისაა და 1000 კვადრატული მეტრი მიწის ფართობის დამუშავებისთვის სავსებით საკმარისია. მაღალმთიან რაიონებში ეს საერთოდ მოხსნის ყველა პრობლემას. ვაუჩერები დარიგდება ყველგან, დიდი ქალაქების გარდა. რეგიონებშიც კი, იმ ადამიანებს, რომლებიც კორპუსში ცხოვრობენ და, შესაძლოა, მიწა არც კი ჰქონდეთ, შეუძლიათ 1 ივნისიდან გაანაღდონ კიდეც ის. წელში გამართული ოჯახებისთვის ეს შეიძლება დიდი შვება არ იყოს, მაგრამ გაჭირვებულ ხალხს ნამდვილად წაადგება“, - აღნიშნა სააკაშვილმა.
ვაუჩერების დარიგების პროცესში კი გაირკვა, რომ ისინი მკვდარ სულებზეა გაცემული. გასული წლის მიწურულს, გურიის რეგიონალური გაზეთთან, „გურია ნიუსთან“ საუბარში სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესამსახურის ხელმძღვანელი, თამარ მეფარიშვილი ამბობდა, რომ სამინისტროს სიები სამხარეო ადმინისტრაციიდან მიაწოდეს:
- ნებისმიერი მხარის გუბერნიას ვუკავშირდებით და ისინი გვაწვდიან სიებს. ეს არის აღრიცხვის მიხედვით, მრიცხველების მიხედვით, მაგრამ თუ გამონაკლისია და ადამიანს მრიცხველი არ აქვს, ან გათიშული აქვს, ან რაიმე სხვა პრობლემაა, ამ მონაცემებს აგროვებენ გამგებლები, რწმუნებულები, რომლებიც აწვიდან გუბერნატორს და შემდეგ ის აწვდის სამინისტროს. ვიცით, რომ მკვდარი სულებია სიებში და ამიტომ დაევალა გუბერნიას ამ ყველაფრის დალაგება. რწმუნებულების და გამგებლების მეშვეობით მათ უნდა გაიგონ ეს მონაცემები, სახელი, გვარები და გადმოგზავნონ სამინისტროში.
როდესაც „მკვდარ სულზეა“ ვაუჩერი გაცემული, რა ხდება, შესწორებული სიების შემდეგ მისცემთ?
- გამოსწორდება ყველაფერი. თითოეულ ოჯახზე არის თითო ვაუჩერი. რა სახელ და გვარს მოგვაწვდის გუბერნატორი, იმის სახელზე ჩამოვა დაბეჭდილი, კონვერტში ჩადებული ვაუჩერი, რომელსაც დაარიგებენ შემდგომში გამგებელები ან რწმუნებულები. თუ ადამიანი გარდაცვლილია, ვაუჩერს მისი ოჯახის წევრი მიიღებს, - დააკონკრეტა მეფარიშვილმა.
გურიის მხარის გუბერნატორმა, ვალერი ჩიტაიშვილმა კი აღნიშნა, რომ სიები სოფლის მეურნეობის სამინისტროში გუბერნიიდან არ გაგზავნილა. მანვე უარყო ინფორმაცია სიებში მკვდარი სულების არსებობის შესახებ. თუმცა, როგორც presagetv-მ გაარკვია, ვაუჩერები დღესაც მკვდარ სულებზე მოდის.
2012 წლის 24 იანვარს, ვაუჩერი ერთი წლის წინ გარდაცვლილი ზაზა ჩხიკვაძის სახელზე მივიდა. ვაუჩერის გაჩუქება იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ მფლობელი სპეციალურ გრაფაში პირად ნომერს ჩაწერს, ხოლო მეორე გრაფაში დასაჩუქრებულის პირადი ნომერი ჩაიწერება. თუმცა, იმ შემთხევაში, როცა ვაუჩერის მფლობელი გარდაცვლილია, ბუნებრივია, რომ მას პირადი ნომერი ვერ ექნება. გურიაში ასეთი შემთხვევები ბევრი დაფიქსირდა. როგორც გარდაცვლილი ოჯახის წევრები ჩვენთან საუბარში ამბობენ, ეს მათთვის შეურაცხმყოფელია:
„12 წელია ჩემი ქმარი მკვდარია და ამ ხნის განმავლობაში ხან რის ვაუჩერი მოდის მის სახელზე და ხან რის. არც ვაუჩერი მინდა და არც არაფერი, დამიყენონ მკვდარი მიწაში“, - აღნიშნა presagetv-სთან საუბრისას, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბანში მცხოვრებმა მოქალაქემ, რომელიც ვინაობის გახმაურებას მოერიდა.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ვაუჩერებს სოფლის რწმუნებულები არიგებენ, რომელთა უმრავლესობა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არიან. არადა, კანონში შეტანილი ცვლილების თანახმად, პარტიის წარმომადგენელს საჩუქრების დარიგება ეკრძალება.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატის, თამარ კორძაიას თქმით, პარტიის წევრ სოფლის რწმუნებულებზე იმიტომ არ ვრცელდება კანონის შეზღუდვა, რომ წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად ჯერ არ დაწყებულა.
„წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევის და აგიტაციაში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ პირს, გარდა: ა) საარჩევნო კომისიის წევრისა; ბ) მოსამართლისა; გ) საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების, პროკურატურის, დაზვერვის სამსახურისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საჯარო მოხელეებისა; დ) საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარისა; ე) საქართველოს სახალხო დამცველისა; ვ) უცხო ქვეყნის მოქალაქისა და ორგანიზაციისა; ზ) საქველმოქმედო და რელიგიური ორგანიზაციებისა; თ) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოხელეებისა, როდესაც ისინი უშუალოდ ასრულებენ სამსახურებრივ ფუნქციებს. „თ“ პუნქტში ხვდება ის ხალხი, რომელზეც თქვენ საუბრობთ, მაგრამ სწორედ ის არის პრობლემაა, რომ ჯერ არჩევნების დანიშვნის შესახებ აქტი არ გამოქვეყნებულა და შესაბმისად, შეზღუდვა ვერ გავრცელდება. რაც შეეხება მიცვალებულების სახელზე ვაუჩერის მოსვლას, მათზე რომ დახმარება არ უნდა გაიცეს, ეს ცალსახაა“, - ამბობს presagetv -სთან კორძაია.
ქალბატონო თამარ, სოფლის მეურნეობის სამინისტროში ამბობენ, რომ სიები უნდა ჩასწორდეს, თუმცა ჯერჯერობით არაფერი იცვლება. მათივე თქმით, ვაუჩერი ოჯახის წევრს გადაეცემა, მაგრამ გაჩუქების წესში მითითებულია, რომ მფლობელმა პირადობის ნომერი უნდა ჩაწეროს, რაც ბუნებრივია, გარდაცვლილს ვერ ექნება...
- სხვისთვის მიცემით, ალბათ საკუთარი შეცდომის გამოსწორება უნდათ. თუმცა, უმჯობესი იქნება ეს საკითხი უშუალოდ მათთან დააზუსტოდ, - დასძინა იურისტმა.
presagetv-სთან საუბარში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესამსახურის ხელმძღვანელი თამარ მეფარიშვილი ამბობს, რომ სიები ენერგოპროჯორჯიას ბაზიდან მიდის (არადა, „გურია ნიუსთან“ საუბარში ამბობდა, რომ სიები გუბერნიიდან გაიგზავნა). მისივე თქმით, ვაუჩერს ყველა ოჯახი მიიღებს:
„შესაძლებელია ერთი ან ორი წლის გარდაცვლილის სახელზე მივიდეს ვაუჩერი, რადგან მრიცხველი იმ ადამიანის სახელზეა. ამ შემთხვევაში არანაირი პრობლემა არ არის. ვაუჩერს გამოიყენებს ოჯახის წევრი, რომელიც იქ ცხოვრობს. რაც შეეხება იმას, რომ ვაუჩერი 12 წლის გარდაცვლილი ადამიანის სახელზე მივიდა, არასწორია და თუ გაქვთ მსგავსი ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტი, გამოგვიგზავნეთ“, - გვითხრა მეფარიშვილმა და დასძინა, რომ ის ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ მოხვდნენ სიებში და ვუაჩერები არ მოუღიათ აუცილებლად მიიღებენ.
„ხდება სიების დაზუსტება. ვაუჩერს აბსულუტურად ყველა ადამიანი მიიღებს“, - დასძინა მეფარიშვილმა.