ქართული ბატალიონისა და

ქართული ბატალიონისა და "კადიროველების" სისხლისმღვრელი შეტაკება დონეცკში

"უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში მიმდინარე საბრძოლო დაპირისპირება სამთავრობო ძალებსა და პრორუს სეპარატისტებს შორის ახალი ძალით განახლდა. ბრძოლა სულ უფრო გააფთრებულ სახეს იღებს. მეამბოხეები იერიშზე გადავიდნენ და ცდილობენ სტრატეგიულად უმნიშვნელოვანეს ქალაქ დებალცევოს დაკავებას. კონფლიქტურ რეგიონში ამჟამად მიმდინარე ბრძოლებში ქართველი მოხალისეებიც იღებენ აქტიურ მონაწილეობას. უკრაინულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დონეცკში, საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ერთ-ერთი შეტაკებისას ერთმანეთის პირისპირ აღმოჩნდნენ უკრაინის სამთავრობო ჯარების მხარდამხარ მებრძოლი ქართული ბატალიონი და პრორუსი სეპარატისტების მხარეს მებრძოლი ჩეჩნური რაზმი - ე.წ. კადიროველები", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით ქართული ბატალიონისა და "კადიროველების" სისხლისმღვრელი შეტაკება დონეცკში / უკრაინული მედიის ცნობით, 3-საათიანი ბრძოლისას 13 "კადიროველი" დაიღუპა და 1 ქართველი მებრძოლი დაიჭრა.

"უკრაინული მედიის ცნობით, ჩეჩნეთის რესპუბლიკის ოდიოზური მმართველის, რამზან კადიროვის ინიციატივით, უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში, გასული წლის ზაფხულიდან, აქტიურ მონაწილეობას იღებენ ჩეჩენი მოხალისეები, რომლებიც მისი პირადი გვარდიის ჯარისკაცები არიან. უკრაინული მედია იუწყება, რომშეტაკება ქართველებსა და "კადიროველებს" შორის 3 თებერვალს მოხდა. შედეგად 13 "კადიროველი" დაიღუპა. ქართული ბატალიონის მხრიდან კი მხოლოდ ერთი მეომარი დაიჭრა, მეტსახელად "დოქტორი". მის შესახებ მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ იგი ანტიტერორისტული სპეცოპერაციის ზონაში 2014 წლის შემოდგომიდან იმყოფება. მან უკვე მეორედ მიიღო კანტუზია, თუმცა ამ ეტაპზე მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მისი ვინაობა და ასაკი არ ხმაურდება. იმავე წყაროს ცნობით, შეტაკება თითქმის სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, რა დროსაც განადგურებული იქნა მეამბოხეთა ორი ჯავშანტრანსპორტიორი და ათობით "ბოევიკი", - აღნიშნავს გამოცემა.

"არსებული ცნობით, ანტიტერორისტული სპეცოპერაციის ზონაში, სამთავრობო ჯარების შემადგენლობაში, ამ ეტაპზე 40-მდე ჩვენი თანამემამულე იბრძვის. საბრძოლო მოქმედებებს უკვე შეეწირა ორი ქართველის - ალექსანდრე გრიგოლაშვილისა და თამაზ სუხიაშვილის სიცოცხლე, საქართველოს ექვსი მოქალაქე კი დაიჭრა. ამ ეტაპზე სეპარატისტები ცდილობენ უკრაინელი სამხედროების ალყაში მოქცევას. მათ უკვე დაიკავეს დასახლებული პუნქტი ვუგლიკორსკი და სტრატეგიული სიმაღლეები, რაც ქალაქ დებალცევოში გამაგრებულ 8 000 უკრაინულ სამხედრო შენაერთს ალყაში მოქცევის რეალურ საფრთხეს უქმნის. სიტუაცია მეტად რთულია. მეამბოხეთა ცნობით, უკრაინელებმა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მოკლულებისა და დაჭრილების სახით 500 მებრძოლი დაკარგეს. საბრძოლო მოქმედებების ზონიდან ხდება მოსახლეობის მასობრივი ევაკუაცია. კიევის ცნობით, ამ დროისათვის 6 000-მდე მშვიდობიანი მოქალაქეა უსაფრთხო ტერიტორიაზე გაყვანილი", - დასძენს გამოცემა.

"პარალელურად, გრძელდება როგორც სამთავრობო ჯარების, ასევე სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არსებული სოფლებისა და ქალაქების მასიური საარტილერიო დაბომბვა, რასაც თან ახლავს ნგრევა და მსხვერპლი. მხარეები ამაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. ამ პერიოდში, ანტიტერორისტული სპეცოპერაციის ზონის ყველაზე ცხელი წერტილი დებალცევოსთანაა. რუსებს სურთ გაიმეორონ გასული წლის აგვისტოში განხორციელებული წარმატებული ოპერაციის სცენარი, როდესაც 7 000-მდე უკრაინელი სამხედრო ალყაში მოაქციეს. ამასთან, დებალცევო არის ქალაქი, სადაც თავს იყრის სარკინიგზო და საავტომობილო გზების კვანძები. მისი აღებით დონეცკი და ლუგანსკი ერთმანეთს პირდაპირ დაუკავშირდება. ეს კი კიევს მათთან ბრძოლას გაურთულებს. დიდი ალბათობით, ქართველი მოხალისეების მიერ კადიროველთა ლიკვიდაციის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სინამდვილეს შეესაბამება, 

რადგანაც დონეცკის სიახლოვეს, თავად სეპარატისტთა საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებული ცნობებით, ადგილი ჰქონდა შეტაკებას, რა დროსაც პრორუსმა მეამბოხეებმა დანაკარგი განიცადეს. მსხვერპლის რაოდენობა არ დაუზუსტებიათ", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სამხედრო მიმომხილველი დავით კერესელიძე.

"კერესელიძის ცნობით, ამ დროისათვის სეპარატისტთა მხარეს 400-მდე ჩეჩენი იბრძვის. ისინი კადიროვის უშუალო დაქვემდებარებაში არიან. გავრცელებული ცნობებით, 2014 წლის მაისიდან დღემდე, უკრაინაში 40-მდე "კადიროველია" დაღუპული. დონბასში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტი მხარეებისაგან სულ უფრო მეტ რესურსს ითხოვს. უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ 5 თებერვალს ჟურნალისტებთან გაკეთებულ განცხადებაში გამოთქვა მზადყოფნა ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გამოცხადების შესახებ იმ შემთხვევაში, თუ საბრძოლო მოქმედებები არ შეჩერდება. აღსანიშნავია, რომ გუშინ ოფიციალური ვიზიტით კიევს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ ქერი ეწვია. ის ქვეყნის პირველ პირს, პრემიერ-მინისტრ არსენ იაცენიუკს და ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს შეხვდა", - წერს სტატიის ავტორი.

"რუსეთთან კონფლიქტი არ სურს არც უკრაინას, არც ამერიკის შეერთებულ შტატებს და არც ევროკავშირს, მაგრამ მან მეამბოხე სეპარატისტთა მხარდაჭერა და იარაღით მომარაგება უნდა შეწყვიტოს. დონბასში შესულ რუსულ ტანკებზე ჩვენ თვალს არ დავხუჭავთ", - განაცხადა ქერიმ პრეზიდენტ პეტრო პორაშენკოსთან გამართულ შეხვედრაზე. საუბარი, აგრეთვე, შეეხო უკრაინისათვის ფინანსური და მატერიალური მხარდაჭერის გაზრდას. ვაშინგტონში აქტიურად მსჯელობენ უკრაინის პრეზიდენტის თხოვნაზე, თავდაცვითი შეიარაღების მიწოდების შესახებ. საუბარია სამი მილიარდი დოლარის ღირებულობის იარაღზე. მიიღებს თუ არა კიევი მას, ეს სავარაუდოდ თებერვლის თვის შუა რიცხვებში გახდება ცნობილი. შეიარაღებული კონფლიქტის ესკალაციიდან დღემდე ანტიტერორისტული სპეცოპერაციის ზონაში მსხვერპლი, მათ შორის მშვიდობიან მოქალაქეთა შორის, დიდია და მან გაეროს მონაცემებით 5 000-ს გადააჭარბა", - დასძენს სტატიის ავტორი.