"თავისუფალი დემოკრატები" პრეზიდენტს შალვა შავგულიძის კანდიდატურას სთავაზობენ

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე საკუთარი გუნდის წევრის, შალვა შავგულიძის კანდიდატურას შესთავაზებს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" თავად შალვა შავგულიძემ განუცხადა, პარტიამ შესაბამისი გადაწყვეტილება გუშინ მიიღო. 

"გუშინ, "თავისუფალმა დემოკრატებმა" იმსჯელა ამ საკითხზე და მიღებულია გადაწყვეტილება, რომ პარტია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე პრეზიდენტს წარუდგენს ჩემს კანდიდატურას", - განაცხადა დეპუტატმა. 

ამასთან, აღსანიშნავია, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატად შალვა შავგულიძის კანდიდატურა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უკვე წარადგინა მოსამართლეებისგან დაკომპლექტებულმა არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს კონსტიტუციური სამართლიანობის ლიგამ".

"მე დამიკავშირდა ორგანიზაციის ხელმძღვანელი ოთარ ბარათაშვილი და მითხრა, რომ მისი ორგანიზაციის სახელით წარმადგინა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატად. ამის შემდეგ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდანაც დამიკავშირდნენ, მთხოვეს თანხმობის დადასტურება, რაც დავუდასტურე. ახლა ორშაბათის ჩათვლით ადმინისტრაციაში ფორმალური სახის დოკუმენტაცია უნდა წარვადგინო. რა თქმა უნდა, საბოლოო სიტყვა პრეზიდენტმა უნდა მიიღოს, მაგრამ, მე თანხმობას ვაცხადებ შეთავაზების შემთხვევაში დავიკავო ეს თანამდებობა", - აღნიშნა შალვა შავგულიძემ. 

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარის შესარჩევად ჯერ პოლიტიკურ ძალებსა და არასამთავრობო სექტორთან კონსულტაციები გამართა, რომლის ფარგლებშიც იმ კრიტერიუმებზე შეთანხმება მოხდა, რასაც ახალი თავმჯდომარე უნდა აკმაყოფილებდეს, ამის შემდეგ, 28 იანვარს კი, ქვეყნის პირველმა პირმა შემდეგი ეტაპი გამოაცხადა და შესაბამისი კომპეტენციის წარმომადგენლებს წინადადებით მიმართა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე კანდიდატურები 9 თებერვლამდე წარუდგინონ. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ეს პროცესი დაწყებულია.