ლუკა კურტანიძე - ჩემში დიდ ძალას ხედავენ

ლუკა კურტანიძე - ჩემში დიდ ძალას ხედავენ

თანაგუნდელები ჩემში დიდ ძალას ხედავენ, - ამის შესახებ პოლიციის აკადემიის პრორექტორმა ლუკა კურტანიძემ "ინტერპრესნიუსს" პარლამენტში შესვლის საკითხზე კომენტირებისას განუცხადა. 
როგორც კურტანიძემ აღნიშნა, დეპუტატობის მანდატის გამოყენებაზე საბოლოო გადაწყვეტილება თანაგუნდელებთან კონსულტაციების შემდეგ გახდება ცნობილი. იგი ამბობს, რომ თუკი "ქართული ოცნების" წარმომადგენლების სურვილიც იქნება, თანახმაა, დეპუტატი გახდეს. 

"თუ დავრწმუნდებით, რომ პროდუქტიული ვიქნები იქ, სადაც უნდა ვიყო, რა თქმა უნდა, შევალ პარლამენტში. ერთი რამ ცხადია, ტიტანური შრომა გარდაუვალია. მე მზად ვარ ყველა გამოწვევისთვის. ყველა დიდი იმედით უყურებს და ჩემში დიდ ძალას ხედავენ. კონსულტაციები არ დამთავრებულა, საბოლოო გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მივიღებთ", - განაცხადა კურტანიძემ.

რაც შეეხება პარლამენტში შესვლის საკითხზე საზოგადოების მხრიდან სხვადასხვაგვარ დამოკიდებულებას, კურტანიძემ აღნიშნა, რომ ეს ნორმალური პროცესია.

"როცა სპორტსმენი ვიყავი, ჩემს მიმართ მაშინაც სხვადასხვანაირი აზრი ჰქონდათ ადამიანებს. რამდენი ადამიანიც არის, იმდენი აზრია, ეს ნორმალურია", - განაცხადა ლუკა კურტანიძემ.

პარლამენტის გარდაცვლილი წევრის, თამაზ ავდალიანის ადგილმონაცვლე კოალიცია "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში ლუკა კურტანიძეა. შესაბამისად, სწორედ მან უნდა დაიკავოს პარლამენტში ავდალიანის გარდაცვალების შედეგად გათავისუფლებული ადგილი. 

დეპუტატი თამაზ ავდალიანი, რომელიც პარლამენტში "ქართული ოცნებიდან" მოხვდა, მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.