უკრაინის უმაღლესმა რადამ ქვეყნის ზოგიერთ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ კანონპროექტს კენჭი უყარა, რომლის მიხედვითაც 2014 წლის 1-ელი იანვრის შემდეგ გადაღებული რუსული ფილმები აკრძალა.
"უნიანის" ინფორმაციით, კონკრეტულად, კანონით განისაზღვრება საერთო კრიტერიუმები აუდიო-ვიდეო პროდუქციაზე, რომლებიც ზიანს აყენებს უკრაინის ეროვნულ ინტერესებს - კერძოდ კი, ხოტბას ასხამს ოკუპანტი ქვეყნის სამხედრო ფორმირებებს; იკრძალება ასეთი პროდუქციის საჯაროდ გამოყენება და განისაზღვრება სანქციები მათ მიმართ, ვინც ამ კანონს უგულვებელყოფს.
"უკრაინაში იკრძალება გავრცელება და საჯარო დემონსტრირება იმ ფილმების, რომლებიც წარმოებულია რუსეთის ფედერაციის ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ, ასევე ფილმები, რომლებიც ახდენენ სამართალდამცავი ორგანოების, შეიარაღებული ძალების ან რუსეთის სხვა სამხედრო ან ძალოვანი ფორმირებების პროპაგანდას", - აღნიშნულია კანონში.
აკრძალვა არ ეხება ფილმებს, რომლებიც გადაღებულია 2014 წლის 1-ელ იანვრამდე.