ამერიკის სახელმწიფო მდივნის ჯონ ქერის განცხადებით, უკრაინისთვის თავდაცვითი შეიარაღების მიწოდების საკითხი უახლოეს დროში განიხილება. "ლიგა.ნეტ"ის ინფორმაციით, ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ჯონ ქერიმ კიევში პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, აშშ-ს პრეზიდენტი ბარაქ ობამა განიხილავს ყველა შესაძლო ვარიანტს უკრაინისთვის დახმარების აღმოსაჩენად.
"ძალადობა მატულობს, მინსკის შეთანხმება არ სრულდება, საფრთხეს ყველა აღიარებს. ამიტომაც, პრეზიდენტი ხელმეორედ იხილავს ყველა შესაძლო გადაწყვეტილებას. ერთ-ერთია უკრაინისთვის თავდაცვითი შეიარაღების მიწოდება. ეს დისკუსიები მიმდინარეობს. დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტი გადაწყვეტილებას უახლოეს ხანში მიიღებს. ვფიქრობ, პრეზიდენტი კიდევ ერთხელ გაიმეორებს იმას, რაც მე ვთქვი. მე კი უკრაინაში მისი სახელით ვიმყოფები და ის უპირველეს ყოვლისა, კონფლიქტის დიპლომატიური გზით გადაწყვეტას ანიჭებს უპირატესობას. ჩვენ არ ვართ დაინტერესებულები მესამე მხარესთან ომით", - განაცხადა ქერიმ.