იენს სტოლტენბერგის გამოსვლა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე

იენს სტოლტენბერგის გამოსვლა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე

გვქონდა ძალიან კარგი შეხვედრა ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში.

შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დავადასტურეთ, რომ საქართველო ნატოს ძალიან ახლო და ძლიერი პარტნიორია. საქართველოს სხვადასხვა ფორმით შეაქვს წვლილი ჩვენი საერთო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

ნატო-საქართველოს ურთიერთობები ძალიან ძლიერია და კიდევ უფრო ღრმავდება.

ნატო მზად არის საქართველოს დაეხმაროს უფრო თანამედროვე თავდაცვის სისტემის შექმნაში, რაც საშუალებას მისცემს საქართველოს კიდევ უფრო დაუახლოვდეს ნატოში გაწევრიანებას.

ჩვენ უკვე შევკრიბეთ ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას თავდაცვის რეფორმების განხორციელებაში დაეხმარება.

ვქმნით ერთობლივ საწვრთნელ ცენტრს თბილისში, სადაც ნატოს ჯარები, საქართველოს შეიარაღებული ძალები და პარტნიორი ქვეყნები ერთად გაივლიან წვრთნასა და მომზადებას.

ამგვარად, საწვრთნელი ცენტრის ჩამოყალიბება ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, სადაც ქართველი სამხედროებიც მომზადდებიან. ეს მნიშვნელოვანია პარტნიორი ქვეყნებისთვისაც, რომლებიც საკუთარ სამხედროებს ახალ ცენტრში, საქართველოში მოამზადებენ.

ათობით ნატოს წევრმა ქვეყანამ სურვილი გამოთქვა მხარი დაუჭიროს ამ ინიციატივას. ამის შესახებ რამდენიმემ უკვე განაცხადა დღეს გამართულ სხდომაზე.

დიდი მადლობა მათ საწვრთნელი ცენტრისა და არსებითი პაკეტის განხორციელებისთვის გაღებული კონტრიბუციისთვის.

ეს არის ნათელი სიგნალი, რომ ნატო მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს.

ჩვენ მადლიერები ვართ საქართველოს მიერ ნატოს ავღანეთის მისიაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის. საქართველო ასევე ჩართულია ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში და ევროკავშირის ოპერაციებში.

ეს ხაზს უსვამს, რომ საქართველოს არა მხოლოდ ნატოს ოპერაციებში შეაქვს წვლილი არამედ ჩვენს საერთო უსაფრთხოებასაც იცავს.

სწორედ ამას ვუწყობთ ხელს არსებითი პაკეტის განხორციელებით და საწვრთნელი ცენტრის დაარსებით.

მივესალმებით საქართველოს მტკიცე პროგრესს რეფორმების განხორციელებაში და პოზიტიურ ტენდენციებს დემოკრატიულ განვითარებაში.

მოვუწოდებთ საქართველოს გააგრძელოს ეს გზა - განამტკიცოს დემოკრატიული ინსტიტუტები, გაუმჯობესოს სასამართლოს რეფორმა და უზრუნველყოს კანონის სრული უზენაესობა.

საქართველო ასევე აქტიურადაა ჩართული და კონსტრუქციულ როლს თამაშობს ჟენევის მოლაპარაკებებში მის ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტების მოსაგვარებლად.

სამწუხაროდ, რუსეთზე მხოლოდ საპირისპიროს თქმა შეგვიძლია.

ჩვენ ვგმობთ რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ ქმედებებს, განსაკუთრებით კი ბოლო დროს ხელმოწერილ ე.წ. ‘შეთანხმებას“ აფხაზეთის რეგიონთან.

გვაშფოთებს ის ფაქტი, რომ რუსეთი მსგავს შეთანხმებას სამხრეთ ოსეთის რეგიონთანაც გეგმავს.

ამ ნაბიჯებით რუსეთი არღვევს საერთაშორისო ვალდებულებებს და ეწინააღმდეგება საერთაშორისო კანონმდებლობას.

ეს არის რუსეთის მხრიდან დესტაბილიზაციის მცდელობა მის სამეზობლოში.

ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს უარყოს საქართველოს ორი რეგიონის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება და გაიყვანოს ჯარები საქართველოდან.

ეს არის და დარჩება ნატოს მტკიცე პოზიციად.