კიევში ანგელა მერკელი და ფრანსულა ოლანდი ჩავიდნენ

კიევში ანგელა მერკელი და ფრანსულა ოლანდი ჩავიდნენ

კიევში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ჯონ ქერის შემდეგ, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდიც ჩავიდნენ. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება. "ლიგა.ნეტ"-ის ინფორმაციით, ოლანდი და მერკელი უკრაინის დედაქალაქში ჩაფრენისთანავე პრეზიდენტის ადმინისტრაციისკენ გაემართნენ.

ხვალ ორივე ლიდერი რუსეთში გაემგზავრება და პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდება. გავრცელებული ინფორმაციით, ორივე ევროპელი ლიდერი აპირებს რუსეთის პრეზიდენტს უკრაინის კონფლიქტის გადაწყვეტის საკითხზე ახალი ხედვა შესთავაზოს, რომელიც უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის პრინციპზეა დაფუძნებული.

ამასთან, რუსული მედიით გავრცელებული ინფორმაციით, მერკელთან და ოლანდთან შეხვედრამდე ვლადიმერ პუტინი უშიშროების საბჭოს მოწვევასა და უკრაინის საკითხის განხილვას გეგმავს.