"რუსთავი 2"-ს, რომელიც ცალმხრივია, ბუნებრივია, რაღაც შეუზღუდეს

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს, რომელიც მოვლენებს წლების მანძილზე არაობიექტურ შეფასებას აძლევს და ცალმხრივია, ბუნებრივია, რაღაც შეუზღუდეს, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატმა გოგი თოფაძემ, "მაუწყებლობის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის განხილვისას გააკეთა.

"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელთა შეფასებით, კანონში დაგეგმილი ცვლილებები საკუთრივ "რუსთავი 2"-ის წინააღმდეგ არის მიმართული. როგორც უმცირესობის წევრების მხრიდან აღინიშნა, "რუსთავი 2"- ის ერთადერთი მსხვილი ტელეკომპანიაა, რომელსაც აქვს ფინანსური დამოუკიდებლობა სარეკლამო შემოსავლებით და მისი შემოსავლები სხვა ტელევიზიების შემოსავლებს მნიშვნელოვნად აღემატება. "ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, კანონის ამოქმედების პირობებში "რუსთავი 2" 2 მილიონ ლარს კარგავს.

"ამდენი ხანია, ჩვენი კოლეგებისგან ვისმენთ, რომ "რუსთავი 2"-ს კომერციულ საქმიანობაში რაღაც მცირე ნაწილი ეზღუდება. ამაზე საუბარი უხერხულიც არის – გაიხსენეთ, რა უქენით "იმედს" – შევარდით, დაარბიეთ, დაიჭირეთ, კინაღამ ამოხოცეთ ხალხი. რა არის ეს "რუსთავი 2", რომელიც წლების მანძილზე მოვლენებს არაობიექტურ შეფასებას აძლევს, ცალმხრივია და ბუნებრივია, რომ რაღაც შეუზღუდეს. ამდენს რომ საუბრობთ, გაიხსენეთ, რა უქენით "იმედს". რაღაც ლოგიკა და ობიექტურობა ხომ უნდა იყოს", - მიმართა უმცირესობას გოგი თოფაძემ.

კანონპროექტს, რომლითაც სატელევიზიო ეთერში კომერციული რეკლამის, ტელეშოპინგის, სპონსორობის განთავსების წესები და ხანგრძლივობა დგინდება და ამ მიმართულებით გარკვეული შეზღუდვები წესდება, პარლამენტში მეორე მოსმენით იხილავენ.