„კიბერუსაფრთხოების საინფორმაციო დღე“ ილიაუნის სახელმწიფო უნივერსიტეტში

„კიბერუსაფრთხოების საინფორმაციო დღე“ ილიაუნის სახელმწიფო უნივერსიტეტში

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიუროს დაარსებიდან ერთი წელი შესრულდა.  ამ თარიღთან დაკავშირებით ბიურო სხვადასხვა ღონისძიებას მართავს. დღეს, ილიაუნის სახელმწიფო უნივერსიტეტში კონფერენცია „კიბერუსაფრთხოების საინფორმაციო დღე“ ჩატარდა.  ღონისძიების მიზანს კიბერუსაფრთხოების სფეროში ახალგაზრდების ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება წარმოადგენდა.

კონფერენცია კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორმა, ანდრია გოცირიძემ და უნივერსიტეტის  მეცნიერებათა  და ხელოვნების ფაკულტეტის დეკანმა, გიორგი გვალიამ გახსნეს. მათ სტუდენტებს სიტყვით მიმართეს და კიბერუსაფრთხოების სფეროს პოპულარიზაციისა და ამ კუთხით უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებთან მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე  გაამახვილეს ყურადღება. ღონისძიებას კიბერუსაფრთხოების საკითხებში საქართველოს თავდაცვის მინისტრის მრჩეველი გიორგი ბეროშვილი დაესწრო.

კიბერუსაფრთხოების ბიუროს ხელმძღვანელმა პირებმა უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს  კიბერუსაფრთხოების სფეროში არსებულ თანამედროვე გამოწვევებზე, ბიუროს საქმიანობაზე, მიზნებსა და სამომავლო გეგმებზე პრეზენტაცია წარუდგინეს.

მოგვიანებით შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.  კიბერუსაფრთხოების ბიუროს წარმომადგენლებმა და თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა სტუდენტების კითხვებს უპასუხეს. 

საქართველოში კიბერუსაფრთხოების თემატიკამ აქტუალობა 2008 წლის აგვისტოში საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული კიბერშეტევის შემდეგ შეიძინა.

2014 წელს საქართველოს თავდაცვის სამინისტროში გადაწყვეტილების მიმღებმა საბჭომ კიბერუსაფრთხოების პოლიტიკის დოკუმენტი განიხილა და დაამტკიცა.