დონეცკის ოლქის რამდენიმე ქალაქიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. "ცენზორ.ნეტის" ცნობით, უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლებმა ქალაქ ანდრეევკადან, დებალცევოსა და სვეტლოდარსკიდან 291 ადამიანის ევაკუაცია განახორციელეს, მათ შორის 33 ბავშვია, 5 კი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი.
პარალელურად, რეგიონში საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. პრორუსმა მებრძოლებმა ქალაქ ანდრეევკაში პოლიციის შენობა დაბომბეს. როგორც დონეცკში შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, ვიაჩესლავ აბროსკინი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს, დაბომბვის შედეგად 6 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ხოლო 12 დაშავდა.