საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, თამარ ბერუჩაშვილის განცხადებით, ვაშინგტონში მისი ვიზიტის პროგრამის ფარგლებში, მთელ რიგ საკითხებთან ერთად, რომელიც ეხება სტრატეგიულ პარტნიორ აშშ-სთან ურთიერთობების გაღრმავებას, რეგიონულ უსაფრთხოებას, განსაკუთრებული ყურადღებით განიხილება რუსეთთან ურთიერთობა. ამის შესახებ აშშ-ში ვიზიტად მყოფმა თამარ ბერუჩაშვილმა "ამერიკის ხმის" ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში განაცხადა.
ამ მიმართულებით საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა შეხვედრა "თეთრ სახლში", აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენთან.
"ეს იყო ზოგადად ძალიან საინტერესო ფორმატი, სადაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად, რომელიც თავმჯდომარე ქვეყანაა ევროკავშირის, მოწვეული იყო "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნებიდან: საქართველო, აზერბაიჯანი და უკრაინა. ეს იყო ე.წ. დიალოგის ფორმატში ჩვენი ჩართვა სწორედ ამ თემებზე, თუ როგორ უნდა ჩამოყალიბდეს რუსეთთან დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით სტრატეგია. იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ აშშ-ც და ევროკავშირიც ახლა ამ სტრატეგიის ფორმირებისა და გადახედვის პროცესში არიან, ჩვენი ჩართვა, საქართველოს მონაწილეობაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
რასაკვირველია, რუსეთი დღეს არის ძალიან რთული პარტნიორი არა მარტო საქართველოსთვის. იმ პრინციპების უგულებელყოფა, ნორმების და სტანდარტების დარღვევა, რომელსაც დღეს რუსეთი ახორციელებს და რომელსაც ეფუძნება ევროპული არქიტექტურა ათწლეულების განმავლობაში, არის ძალიან საშიში ტენდენცია. შესაბამისად, სჭირდება ძალიან სერიოზული ძალისხმევა, ასევე ერთიანი, სწორი, თანამიმდევრული პოზიციის შემუშავება", - განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველო ცდილობს რუსეთთან ურთიერთობების დეესკალაცია მოახდინოს, მაგრამ, სამწუხაროდ, რუსეთის პოლიტიკა კვლავ გრძელდება იმ მიმართულებით, რომ ირღვევა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა.
"სწორედ ბოლოდროინდელი ხელმოწერილი ე.წ. ხელშეკრულება სოხუმსა და მოსკოვს შორის, არის ანექსიისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი. იგივე ტიპის ხელშეკრულება მზადდება სამხრეთ ოსეთთან, რაც არის ძალიან საშიში ტენდენცია. მთელი საგარეო საქმეთა სამინისტროს, ქართული დიპლომატიის ამოცანაა მაქსიმალური კონსოლიდაცია და მობილიზაცია მოვახდინოთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორობის ამ საკითხის გარშემო.
ამასთან ერთად, როცა ვსაუბრობთ უკრაინის კრიზისზე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს განვითარებები დავინახოთ ერთი დიდი სურათის ნაწილად და არა ცალკე ფრაგმენტებად, როგორც რუსეთის სერიოზული აგრესია იმ მეზობლების წინააღმდეგ, რომელთაც განვითარების ევროპული და ევროატლანტიკური გზა აირჩიეს", - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.