ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, პარლამენტში შს მინისტრის მოწვევა მართებული არ არის.
როგორც ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, მინისტრს ბევრი სხვა მნიშვნელოვანი საქმე აქვს და ,,ნაციონალური მოძრაობის" მოთხოვნა ამ მხრივ არასერიოზულია.
,,მესმის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადების კონტექსტი. მას ნაგულისხმები აქვს ის საფრთხეები, რომლებიც არ გვაკლია გეოსტრატეგიული მდებარეობისა და მეზობელი ქვეყნების ზრახვების გამო. ასეთი საფრთხეების ნეიტრალიზება ეს არის სახელმწიფოს უსაფრთხოების საკითხი. შს მინისტრი, რომ მოვიდეს პარლამენტში იმისთვის, რომ ,,ნაციონალურ მოძრაობას" მოუყვეს მათი ზრახვებისა და მავნებლური მოქმედებების შესახებ, ძალიან არასერიოზულია. ამისთვის მინისტრები არ დადიან პარლამენტში. როცა ასეთი მოქმედებები იგეგმება, არსებობს შესაბამისი ღონისძიებები და ამით ხდება პასუხის გაცემა. არ მგონია, შს მინისტრს იმის დრო ჰქონდეს ,,ნაციონალებს" გაეცნოს და ამას დაუთმოს მნიშვნელოვანი სამუშაო დრო, რომელიც მას სჭირდება საქმის გასაკეთებლად. არ მიმაჩნია შს მინისტრის მოწვევა მართებულად", - განაცხადა ეკა ბესელიამ.
დღეს ვახტანგ გომელაურმა კომენტარი გააკეთა ოპოზიციის მოთხოვნაზე, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი პარლამენტში მივიდეს და კონკრეტულ ინფორმაციაზე დეპუტატებთან ისაუბროს. ვახტანგ გომელაურის თქმით, როცა აღნიშნულის საჭიროება იქნება, საკანონმდებლო ორგანოში აუცილებლად მივა.
"როცა საჭირო იქნება, აუცილებლად მივალ. თუ კონკრეტული ინფორმაცია არ გვექნება, იდეეების დონეზე საუბარი არ იქნება ნორმალური ჩვენი მხრიდან. როცა იქნება კონკრეტული ინფორმაცია, ვისაუბრებთ კიდეც და თუ საჭირო იქნება, სხვა ღონისძიებებსაც ჩავატარებთ", - აღნიშნა შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა.