საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, უკრაინის ანტიკორუფციული ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელის პოსტზე ამ ეტაპზე არანაირი ოფიციალური დოკუმენტი არ შეუტანია.
როგორც მიხეილ სააკაშვილმა უკრაინულ "მეხუთე არხთან" ინტერვიუში განაცხადა, ამ საკითხზე საუბარი და პოლიტიკური კონსულტაცები სხვადასხვა პოლიტიკურ წრეებში რამდენიმე კვირაა, მიმდინარეობს.
"ჩვენ გვყავს ქართველების გუნდი, რომლებიც მუშაობენ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, პარლამენტის ფრაქციებთან. მათი ნაწილი იუსტიციის სამინისტროში წავიდა, ნაწილი შს სამინისტროში, ნაწილი კიევის მერიაშია. ერთადერთი რაც მე შემიძლია დავადასტურო, არის ის, რომ მე და ჩემი გუნდი მზად ვართ ამ საქმეს ხელი მოვკიდოთ. მე ვფიქრობ, თუ ახლა არ იქნება კორუფციასთან ბრძოლის წინააღმდეგ წინსვლა, ყველაზე უარესი სცენარი, პუტინის ყველაზე ცუდი ჩანაფიქრი რეალიზდება", - განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, უკრაინაში მყოფი ქართული გუნდი საბოლოოდ ყველანი უნდა დაბრუნდნენ საქართველოში და გააგრძელონ საქართველოში რეფორმები.
"არც ერთი ჩვენგანი არ უნდა დარჩეს დიდხანს უკრაინაში. უკრაინა უნდა ააშენოს უკრაინელებმა. თუმცა, ამ გარდამავალ პერიოდში ჩვენ რითაც შევძლებთ მზად ვართ უკრაინას დახმარება გავუწიოთ", -განაცხადა სააკაშვილმა.
კითხვაზე, დათანხმდება თუ არა უკრაინის ანტიკორუფციული ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელის ამ პოსტს, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, ჯერ ეს მას უნდა შესთავაზონ.
"თუმცა, მე სერიოზულად ვფიქრობ, რომ მე და ჩემი გუნდი ამ პროცესებში შევძლებთ მონაწილეობის მიღებას", -დასძინა სააკაშვილმა.