აუდიტის სამსახური ლადო ვარძელაშვილის მინისტრობის პერიოდში ზემეტად გახარჯულ 392 400 ლარზე საუბრობს

აუდიტის სამსახური ლადო ვარძელაშვილის მინისტრობის პერიოდში ზემეტად გახარჯულ 392 400 ლარზე საუბრობს

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის თანახმად, ფეხბურთის მოედნების მშენებლობაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან 392 400 ლარის ზედმეტად გახარჯვა მოხდა. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" სახელმწიფო აუდიტის სამსახურში განუცხადეს, აღნიშნული თანხიდან 369 600 ლარი ფეხბურთის ფედერაციამ სახელმწიფო ბიუჯეტში უკან დააბრუნა მას შემდეგ, რაც მას აუდიტის სამსახურის აღნიშნული ანგარიში გადაეგზავნა. მათივე განმარტებით, საქმე 2011-2012 წლებში მოწყობილ ფეხბურთის სტადიონებს ეხება. 

"სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს 2011-2012 და 2013 წლების ფინანსური და შესაბამისობის აუდიტი. აუდიტის შედეგად გამოვლინდა სხვადასხვა სახის დარღვევა, მათ შორის აღსანიშნავია შემდეგი: 2011-2012 წლებში სპორტის სამინისტროსთვის ფეხბურთის მოედნების მშენებლობის მიზნით ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები სამინისტროს მიერ გადაცემულია ფეხბურთის ფედერაციაზე, ხოლო ფეხბურთის ფედერაციამ აღნიშნულ სამუშაოებზე გააფორმა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებები სხვადასხვა კომპანიასთან. დადგინდა, რომ აღნიშნულ სტადიონებზე ჩატარებულ სამუშაოებზე ბიუჯიდან ზედმეტად დახარჯულია 392 400 ლარი. უნდა აღინიშნოს, რომ აუდიტის ანგარიშის პროექტის გაგზავნიდან რამდენიმე დღეში ფეხბურთის ფედერაციამ სტადიონების მშენებლობაზე ზედმეტად დახარჯული თანხებიდან ბიუჯეტში დააბრუნა 369 600 ლარი", - აცხადებენ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში. 
რაც შეეხება იმას, ხომ არ გეგმავს გამოვლენილ ფინანსურ გადაცდომასთან დაკავშირებით სახელმწიფო აუდიტის სამსახური მასალების შესაბამის ორგანოში გადაგზავნას, უწყების განმარტებით, აღნიშნულთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მოგვიანებით მიიღებს.

Aაღსანიშნავია, რომ 2011-2012 წლებში სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ლადო ვარძელაშვილი ხელმძღვანელობდა.