მურთაზ ზოდელავა - ვისაც გვჯერა, რომ ჟვანია არ მოუკლავთ, გაგვატარონ

მურთაზ ზოდელავა - ვისაც გვჯერა, რომ ჟვანია არ მოუკლავთ, გაგვატარონ

ვისაც გვჯერა, რომ ზურაბ ჟვანია არ მოუკლავთ, გაგვატარონ მათ, ვისაც ამის არ სჯერა, - ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში ზურაბ ჟვანიას საქმეზე ბრალდებული მამუკა გვარამიასა და როსტომ ლაზარიას აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებული პროცესის შემდეგ ყოფილმა მთავარმა პროკურორმა, მურთაზ ზოდელავამ განაცხადა.

ზოდელავა სასამართლო პროცესს ესწრებოდა. როგორც მან აღნიშნა,  პროცესის შემდეგ გაუმყარდა რწმენა, რომ "ქართული ოცნება" ჟვანიას საქმის გაჭიანურებას ცდილობს. კერძოდ, მისი თქმით, "ქართულმა ოცნებამ" ვერაფერი მოიპოვა აღნიშნულ საქმეში და ჟვანიას საქმის გამოყენებით, დივიდენდების მოპოვებას აგრძელებს.

"ქართული ოცნება" ცდილობს გაახანგრძლივოს ეს პროცესი. ვერაფერი მოიპოვა ამ უბედურ შემთხვევაში და ცდილობს მის გამოყენებას დივიდენდებისთვის. დროა, "ქართულმა ოცნებამ" თქვას, რომ ატყუებს საზოგადოებას", - განაცხადა მურთაზ ზოდელავამ.

ყოფილ მთავარ  პროკურორს, მამუკა გვარმიას და სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს უფროსის ყოფილ მოადგილე   როსტამ ლაზარიას აღმკვეთ ღონისძიებად გირაო  გუშინ შეეფარდათ. მათ უფლება-მოსილების გადამეტება და მტკიცებულებების გაყალბება ედებათ ბრალად.