სასამართლოში ყოფილი მთავარი პროკურორის აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებული პროცესი მიმდინარეობს

სასამართლოში ყოფილი მთავარი პროკურორის აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებული პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ზურაბ ჟვანიას საქმეზე ბრალდებული ყოფილი გამომძიებლის და ყოფილი მთავარი პროკურორის აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებული პროცესი მიმდინარეობს. პროკურატურა მამუკა გვარამიასა და როსტომ ლაზარიასთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

როგორც პროცესის დაწყებამდე საქმის პროკურორმა რეზო ნადოიმ განაცხადა, პატიმრობის შუამდგომლობას საფუძვლად უდევს დანაშაულის სიმძიმე, სპეციფიკა და სხვადასხვა ფაქტობრივი გარემოებები.

"მათ ადანაშაულებენ მაღაზიის გამყიდველები და მამხილებელ ჩვენებებს იძლევიან. ამიტომ გამოძიებას მიაჩნია, რომ მათი თავისუფლებაში ყოფნა მოწმეებზე ზემოქმედების რისკს ქმნის. მათ განზრახ გააყალბეს შემთხვევის ადგილზე ფაქტობრივი მონაცემები", - აღნიშნა ნადოიმ.

მამუკა გვარამიას ადვოკატის, კახა ხვისტანის განცხადებით კი, არგუმენტები, რასაც ბრალდება ეფუძნება, ფალსიფიცირებული და გამოგონილია. "რა ქმედებებისთვისაც მამუკა გვარამიას აქვს ბრალი წარდგენილი, ბრალდებამ ჩაიდინა ანალოგიური ქმედება, ე.წ. მტკიცებულებების მოპოვების მიზნით. იმედია სასამართლო დაადგენს ამ მტკიცებულებების უსუსურობას და მიიღებს ობიექტურ გადაწყვეტილებას", - აღნიშნა ადვოკატმა.

პროკურატურამ ყოფილ მთავარ პროკურორს, მამუკა გვარამიას და ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის ყოფილ მოადგილეს, როსტომ ლაზარიას ბრალი ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის გარდაცვალების საქმეზე წარუდგინა. მათ მტკიცებულებების გაყალბება ედებათ ბრალად.