"კარგია, რომ ჩვენს დასავლელ პარტნიორებში შიშები არსებობს"

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე რუსულ გამოცემა "გაზეტა.რუს" სტატიას გამოეხმაურა, რომელშიც საქართველოს წინააღმდეგ შესაძლო სამხედრო აგრესიაზეა საუბარი.

ჯაფარიძის თქმით, საქართველოს დასავლელი პარტნიორების წუხილი იმ მემკვიდრეობითაა განპირობებული, რომელიც ხელისუფლებას 2008 წლის ომიდან მომდინარეობს. დეპუტატი მიიჩნევს, რომ ეს შიშები ასევე უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზეც გაჩნდა. თუმცა ამის მიუხედავად, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე "პირWელთან" საუბარში აცხადებს, რომ ამ ეტაპზე რუსეთის მხრიდან სამხედრო გადაადგილებისა თუ მანევრების თაობაზე ინფორმაცია და ფაქტები არ არსებობს.

"თეორიული ვარიანტი იმისა, რომ რაღაც მოძრაობა გაკეთდეს, რა თქმა უნდა, ყოველთვის არსებობს. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხვალ ან ზეგ მოხდება. ვერ ვიტყოდი, რომ ჩვენი ურთიერთობა რუსეთთან იდეალურია, მაგრამ ვერც იმას ვიტყვი, რომ ეს ურთიერთობა თავდასხმის მოლოდინებს აჩენს და ამის გვეშინია. ის, რომ ჩვენი დასავლელი მეგობრები წუხან და შეშფოთებას გამოთქვამენ, იმ მემკვიდრეობითაა განპირობებულია, რომელიც რუსეთსა და საქართველოს შორის არსებობს. ეს არის 2008 წლის ომი. ასევე განპირობებულია იმ მოვლენებით, რომელიც უკრაინაში ვითარდება. აქედან გამომდინარე, რუსეთის მიერ კუდის გაქნევის თეორიული შესაძლებლობა ყოველთვის არსებობს. კარგია, რომ ჩვენს დასავლელ პარტნიორებში შიშები არსებობს. ის მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენდამი ყურადღება, ურთიერთობები მჭიდრო და ღრმაა", - განუცხადა "პირWელს" თედო ჯაფარიძემ.