ადვოკატები სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით, სავარაუდოდ, არ გაასაჩივრებენ

ადვოკატები სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით, სავარაუდოდ, არ გაასაჩივრებენ

ვაზაგაშვილისა და ხუბულოვის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულების ადვოკატები მათი დაცვის ქვეშ მყოფებისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების განჩინებას, სავარაუდოდ, სააპელაციო წესით არ გაასაჩივრებენ.

როგორც საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გიორგი გოგინაშვილის განჩინების გამოცხადების შემდეგ ადვოკატმა დავით ხაჟალიამ განაცხადა, დაცვის მხარე დაელოდება მოსამართლის დასაბუთებულ განჩინებას, რის შემდეგაც შეათანხმებს პოზიციას გასაჩივრებასთან დაკავშირებით. თუმცა როგორც ადვოკატმა აღნიშნა, სავარაუდოდ, განჩინება არ გასაჩივრდება.

ადვოკატის შეფასებით, მოსამართლის დღევანდელი გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია. ხაჟალიას თქმით, დაცვის მხარეს ჰქონდა ყველანაირი არგუმენტი, რათა მომხდარიყო ბრალდებულებისთვის არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიების შეფარდება. თუმცა მისი თქმით, მოსამართლემ აღნიშნული არ გაითვალისწინა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით უკმაყოფილო არიან დანარჩენი ადვოკატებიც. სამი სპეცრაზმელის ადვოკატმა დარეჯან გილაშვილმა აღნიშნა, რომ ჯერჯერობით პოზიცია გადაწყვეტილი არ აქვს, მაგრამ ფიქრობს, რომ განჩინების გასაჩივრებას აზრი არ ექნება.

ვაზაგაშვილისა და ხუბულოვის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ 12 ყოფილ სამართალდამცველს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. ადვოკატები მათთვის არასაპატიმრო აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებას, კერძოდ, გირაოთი გათავისუფლებას ითხოვდნენ. პროკურატურამ კი პატიმრობის შუამდგომლობა მიმალვისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხის საფუძველზე დააყენა.